აფბა: „თამბაქოს შსახებ კანონის“ ამ ფორმით განხილვა დაუშვებელია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტი „თმბაქოს შესახებ კანონპროექტის“ განხილვას უცვლელი სახით აპირებს. როგორც აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, აცხადებს კანონპროექტის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია.

„როგორც ჩანს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს რომლის წინაშეც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღმოვჩნდებით. პირველ რიგში, კანონპროექტს აკლია ფინანსური კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტას მისი ამ სახით მიღება. შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, თუმცა კანონპროეტში არც ის ჩანს, თუ რა ზარალს მიიღებს მის შედეგად ეკონომიკა, ბიუჯეტი და მთლიანად ქვეყანა.

ამასთან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტში არის რიგი რეგულაციები, რომელთა ამოქმედებას გონივრული ვადა უნდა მიეცეს. ასევე გაუგებარი და არაფუნქციურია კანონპროექტის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს რეალიზატორთა ლიცენზირებას.

კანონპროექტის არსებული მოდელიდან ვიგებთ, რომ იგეგმება თამბაქოს რეალიზატორთა ლიცენზირება,  თუმცა საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და საერთოდ რა არის აზრი ქვეყანაში ამ ნორმის დარენგვის. თუ ლიცენზირების ნორმები რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს მას (საუბარია მცირე სუპერ მარკეტებსა და მაღაზიებზე) და ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. შედეგად მხოლოდ მსხვილი მეწარმეები აიღებენ ლიცენზიას და ისარგებლებენ ბაზარზე კონკურენციის მკვეთრი შემცირებით. მეორე შემთხვევაში, თუ ლიცენზირების ნორმები იქნება ადვილად დასაკმაყოფილებელი და ყველა შეძლებს მის მიღებას, რა აზრი აქვს ასეთი რეგულაციის შემოღებას?!

ეს იქნება მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღება უაზრო ლიცენზიის გამო. რაც შეეხება აქციზის გადასახადის ზრდას, რომლითაც კანონის ინიციატორები გეგმავენ მწეველთა რაოდენობის შემცირებას ყოვლად უმოქმედო იქნება და ამას საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად საქართველოს ბოლო წლების მაგალითებიც ცხადყობს. ბოლო წლებში საქართველოში აქციზის გადასახაღი თამბაქოზე მუდმივად იზრდება, თუმცა ამ მექანიზმს თამბაქოს მოხმარება არ შეუმცირებია ქვეყანაში.

ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.  2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ. დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ერთადერთი შედეგი რაც აქციზის გადასახადის ზრდამ მოიტანა არის ქვეყანაში გაზრდილი სიგარეტის კონტრაბანდა და საფრთხეში ჩავარდნილი ლეგალური ბიზნესი.“

 

აფბა მოუწოდებს პარლამენტს კარგად გაანალიზოს ყველა, ის რისკი რომელიც კანონპროექტს ამ ფორმით დამტკიცების შემთხვევაში ახლავს და მოითხოვოს, მისი საფუძვლიანი კორექტირება ან მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას.  

კომენტარები
იტვირთება...