აფბა: „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს

„საპარტნიორო ფონდის“  დაფინანსების პრობლემა დღემდე გაურკვეველია – არსებობს კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის მიერ ფონდის დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა ეს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს არ განუხილავს.  ხელისუფლებამ პრობლემა სწრაფად უნდა გადაჭრას. ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ჩვენი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ არც მომდევნო წლისთვის განსაზღვრულ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“  საქმიანობისთვის აუცილებელი სახსრები. აღმოჩნდა, რომ არსებობს ამ შინაარსის კანონპროექტი, რაც ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას გულისხმობს, თუმცა მასზე მსჯელობა დღემდე, არათუ სასესიო მოსმენების, საკომიტეტო განხილვების დონეზეც კი არ მომხდარა. დღეს „საპარტნიორო ფონდი“  პრაქტიკულად გაჩერებულია.

ის, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს სახით, თავს იკავებს „საპარტნიორო ფონდის“ საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანისგან (ამ იდეის მიზანშეუწონლობის თაობაზე მინისტრის მოადგილემ, ბატონმა კაკაურიძემ, საჯაროდ ისაუბრა) მართებულ მიდგომად მიგვაჩნია. თუმცა, ამ ფონზე გაუგებრად რჩება, რა როლს ასრულებს, ან რა როლი უნდა შეასრულოს პარლამენტში ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა, რომელიც სწორედ ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას გულისხმობს.

ფაქტია, რომ საპარტრნიორო ფონდი მის მიერ გავრცელებული საფინანსო ანგარიშების მიხედვით,  ყოველწლიურად მრავალმილიონიან საოპერაციო მოგებაზე გადის.

მაგრამ 2019 წელს „სავალუტო ფონდმა“ გასცა რეკომენდაცია, რომ ვიდრე არ მოხდებოდა „საპარტნიორო ფონდის“ ტრანსფორმაცია, ახალი პროექტები არ განხორციელებულიყო, რადგან წინა წლებში ფონდის შვილობილი კომპანიები ფინასურ ზარალზე გავიდნენ (მათ შორის, მაგალითად „საქართველოს რკინიგზა“, რომლის აქტივების ჩამოწერის გამოც დაფიქსირდა ზარალი).

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოების ოპერაციულ მართვაში ფონდი რეალურად არ მონაწილეობს. სამი წელია, რაც ფონდს არ მიუღია დივიდენდი მისი ქვემდებარე საწარმოებიდან და მის შემოსავლებს, მიმდინარე ეტაპზე, მხოლოდ უკვე განხორციელებული პროექტებიდან მიღებული ამონაგები აგენერირებს, რაც ცხადია, ამოწურვადი რესურსია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ ფონდი ვერ გააგრძელებს ფუნქციობას იმ ფორმატით, როგორც ის დღეს არსებობს, როცა წარმოადგენს, ერთი მხრივ, პრაქტიკულად კვაზი-სისტემას, რომელიც თითქოს არის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების მმართველი, მაგრამ მეორე მხრივ, არის წმინდა კაპიტალის ფონდი, რომელიც ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.

აშკარაა, რომ ფონდს უნდა განესაზღვროს ან ერთი, ან მეორე  მიმართულება და უნდა მოინახოს საკითხის იმ გზითა და ფორმატით გადაწყვეტა, რომ ფონდმა შეძლოს ამოქმედება, ან დაიწყოს მისი ქვემდებარე სტრუქტურების რეალური  საოპერაციო  მართვა და აიღოს სრული პასუხისმგებლობა. ან მის განკარგულებაში დაბრუნდეს  სახელმწიფოსთვის ნასესხები სახსრები, რაც საკმაოდ სოლიდურ მოცულობას შეადგენს და ამ რესურსის მეშვეობით განაგრძოს საინვესტიციო საქმიანობა.

აფბას პრინციპული პოზიციაა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ საკითხი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ობიექტურად იმსახურებს მაღალ საჯარო ინტერესს და საზოგადოებრივ ყურადღებას.

ამდენად, აფბა მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საკუთრივ „საპარტნიორო ფონდს“, პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებს, ექსპერტულ საზოგადოებას, რომ მოინახოს ფორმატი, სადაც ფონდის სამომავლო საქმიანობის შინაარსთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებების გაზიარება და საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის წარმართვა იქნება შესაძლებელი. ეს უნდა გაკეთდეს უმოკლეს დროში და გადაუდებლად, რადგან პოზიციების შეჯერებისა და პროცესის მაღალი გამჭვირვალობით წარმართვის გარეშე, დაუშვებლად მიგვაჩნია იმ იდეის რეალობად ქცევა, რასაც „საპარტნიორო ფონდის“ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა ჰქვია.

აფბა მოუწოდებს ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებს, გამოეხმაურონ ორგანიზაციის ინიციატივას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...