აფბა: პირველი შედეგი მიღწეულია – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი საპარლამენტო მოსმენას დასთანხმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიესალმება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) გენერალური დირექტორის, ქალბატონ ირინა მილორავას დადებით გამოხმაურებას, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დადგენისათვის საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ველით, ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის დათქმულ ვადაში ვერ დაწყების მიზეზების გარკვევის მიზნით, საპარლამენტო განხილვის ჩანიშვნას. პირველი შედეგი, მიგვაჩნია, რომ მიღწეულია, რამდენადაც ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ქალბატონი ირინა მილორავა, საჯარო გამოსვლისას, დასთანხმდა საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობას. ეს ფაქტი იმედს გვაძლევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფორმატში დისკუსია მოეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის მიმდინარეობის შეფერხების მიზეზების თაობაზე, როგორიც ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმაა.

იმედი გვაქვს, რომ როგორც ენერგეტიკული ბირჟა, ისე მისი დამფუძნებელი სახელმწიფო კომპანიები ესკო (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების განსახილველად მოსმენის მოწყობის თხოვნით.

აფბას მიაჩნია, რომ სადღეისოდ, ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი დარგი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ორგანიზაციის აქტივობები, რაც უკავშირდება ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. მიგვაჩნია, რომ თუ არ იქნება სწორი და სწრაფი განვითარება ენერგეტიკაში, არ იქნება არც ეკონომიკური განვითარება, რაც საფრთხეს და რისკებს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დემოკრატიზაციის პროცესს.

ფაქტია, ეკონომიკის სამინისტროს სწორად და მართებულად აქვს განსაზღვრული ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკა, როცა მხარს უჭერს ენერგობაზრის გახსნას, მის ლიბერალიზაციას და ამ გზით ჰარმონიზაციასა და დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან და სტრუქტურებთან.

აფბას მიაჩნია, რომ სწორად განსაზღვრულ პოლიტიკას აუცილებლად ესაჭიროება ასევვე სწორად, დროში ცდომილებების გარეშე გათვლილად, კორუფციული რისკების მინიმიზებით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან გულწრფელი და ხარისხიანი კომუნიკაციით, საჭირო და სავალდებულო რეფორმების განხორციელება. ამ საქმეში კი, ანუ რეფორმების და ინიციატივების მენეჯმენტში, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და რომლებზე არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაშიც,  ადგილებზე მენეჯმენტის განმახორციელებელმა პირებმა მათი წილი პასუხისმგებლობა კონკრეტული ადმინისტრაციული მოქმედებებით უნდა იკისრონ.

აფბას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ ფორმატით მუშაობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი რეფორმის, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რეფორმის, სწორად და სწრაფად განხორციელება“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...