აფბა: მეწარმეთა ნაწილი ბანკის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ, პროექტ განავითარე ბიზნესის ფარგლებში, მცირე მეწარმეებთან და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტების პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც საკუთარი მოსაზრებები მეწარმეებმა გამოთქვეს.

მეწარმეობის სააგენტოს ბიზნესის განვითარების მრჩეველმა ირინა მეზურნიშვილმა, პოექტ აწარმოე საქართველოშის პრეზენტაცია გამართა და პროექტის პრიორიტეტებსა და უკვე არსებულ შედეგებზე ისაუბრა. მისი გამოსვლა, ძირითადად, ინდუსტრიულ მიმართულებებს შეეხო.

“საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი შემდეგი სსიპ-ები. პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური დახმარება. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაფინანსებთ შერჩეული პროექტების განხორციელებისთვის მიღებული საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთებს, მეორე შემთხვევაში ჩვენ მეწარმეებს ვახალისებთ ბიზნესისთვის აუცილებელი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემით, ხოლო მესამე შემთხვევაში ვუზრუნველწოფთ მეწარმეთა გადამზადებით”, – განაცხადა ირინა მეზურნიშვილმა.

რაც შეეხება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამას, მისი მიმდინარეობის შესახებ სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო სხირტლაძემ ისაუბრა.

“მოგეხსენებათ სახელმწიფომ გამოყო 20 მილიონი ლარი, რომელიც მიმართულია რეგიონებში სერვისზე ორიენტირებული ბიზნესების წახალისებისთვის. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ბიზნესიდეების დაფინანსება 5000 ლარით, რისთვისაც აუცილებელი პირობაა 1000 ლარიანი თანამონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ნაღდი ფულით თანამონაწილეობა. გარდა ფინანსური დახმარებისა, პროექტი ითვალისწინებს მეწარმეთა გადამზადებას. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესგეგმის მომზადებასა და მარკეტინგის საკითხებში გადამზადებას ისეთი მეწარმეებიც გაივლიან, რომლემბმაც შეიძლება გრანტი ვერ მიიღონ, ეს მნშვნელოვნად გაზრდის მათ შანსებს სხვა ანალოგიურ პროექტებში, რომლებსაც სახელმწიფო მომავალში გამოაცხადებს. პროექტი უკვე დაწყებულია იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, სამცხე–ჯავახეთში და ქვემო ქართლში, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, აქ მიმდინარეობს პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციების გამოვლენა და ვფიქრობ, მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება პროექტში ჩართვა შესაძლებელი”, – განაცხადა ნინო სხირტლაძემ.

შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების მხრიდან გამოიკვეთა სახასიათო პრობლემა, ვინაიდან სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას საბანკო კრედიტების წახალისებით ზრდის, მეწარმეთა ნაწილი ბანკის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რაც მის ჩართულობას სახელმწიფო პროგრამებში, მნიშვნელოვნად ართულებს. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ისეთი მეწარმეები, რომლებსაც ნეგატიური საკრედიტო ისტორია აქვთ, ასეთებს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა საერთოდ არ შეუძლიათ.

განავითარე ბიზნესი“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა შედგა, აფბას და კომპანია ბილაინის ერთობლივი პროექტია. ბილაინი პროექტში მისი მფლობელი კომპანიის, ვიმპელკომის სოციალური კამპანიის, – MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში მონაწილეობს. პროექტის ძირითადი მიზანია მცირე და მიკრო ბიზნესის პრობლემების იდენტიფიცირება, ასევე, სახელმწიფო პროგრამების შესახებ სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ინფორმირება. პროექტის ფარგლებში აფბა აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან. უკვე შედგა 6 შეხვედრა მეწარმეთა ჯგუფებთან, რომლებიც რეგიონებში საქმიანობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...