ანზორ მელია: გამოასწოროს “ოცნებამ” ეს და “ოცნებას” გვერდში დავუდგები

როგორ აფასებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს კარდიოლოგიური კლინია „გულის“ მფლობელი, პროფესორი ანზორ მელია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდში, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიაში და საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, რას ფიქრობს ის დღეს და რატომ აღარ სურს პოლიტიკაზე საუბარი?

 ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" ანზორ მელიას ეასუბრა. 

„მე ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს.

სამწუხაროდ სამედიცინო სფეროზე ვერ დავსვამ კითხვას, არ ვარ კომპეტენტური…

წინასწარ თქვეს, თავს იკლავსო, 10 დღე დარჩა, 15 დღე დარჩა, 5 დღე დარჩა. პოლიტიკას ჩამოვშორდი და დავისვენე. პირველ რიგში ჩემს შვილს ვცემ პატივს და არ გავაკეთებ პოლიტიკაზე კომენტარს და არც ჩავერევი.

მე არ ვიყავი არჩევნებზე, კანში ვიყავი, რადგან დაგვაჯილდოვეს და ევროპაში საუკეთესო კლინიკის წოდება ავიღეთ. ჩემი მოსაწონი მთავრობა არც ყოფილა, არც არის და არც იქნება.

კონკრეტულად რა არ მოგწონთ, რას ვერ აკეთებს მთავრობა ?

მედიცინა არასდროს იყო პრიორიტეტული დარგი. ექიმები არასდროს ვყოფილვართ ასეთ დღეში, როგორც ახალ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საყოველთაო პროგრამა გააკეთეს, ბოლომდე არ არის მიყვანილი და არ ფიქრობენ გაუმჯობესებაზე. 

ახალ კლინიკებს ხსნიან. მრავლდება ისე, როგორ წვიმის შემდეგ ტყეში სოკო. დღეს მილიარდერი უნდა იყო, კლინიკა რომ გახსნა. ამას ხსნიან პარლამენტარები, სხვადასხვა უწყების მინისტრის მოადგილეები და საყოველთაო ჯანდაცვიდან ითვისებენ ფულს.

ოფიციალურად მივწერე ჩვენს მინისტრს დავით სერგეენკოს, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. მან ეს კლინიკა შეამოწმა და 10 000 ლარით დააჯარიმა, მაგრამ ისევ გრძელდება იგივე. ამიტომ გული გამიტეხეს.

რომელ კლინიკაზე საუბრობთ?

შპს „პირველი კლინიკა“. წარმოგიდგენიათ, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად დანიშნული ჰყავდათ მცხეთის პოლიციის უფროსი ბუთხუზი. 

თავის დროზე ეს კლინიკა სარდაფში, სადაც კომუნისტების დროს მიმღები განყოფილება იყო… თვეში 285 000 ლარად იქირავეს და სასწრაფოს დღეში 70 – 80 ავადმყოფი მოჰყავს, ჩვენთან კი ინფარქტიანები არ მოჰყავთ. იქ 1000 კვადრატულში აქვთ „ემერჯენსი“, რეანიმაცია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია და კარდიოლოგია…

მინისტრმა დააჯარიმა, მაგრამ იმის მაგივრად მოეთხოვათ პასუხი ბუთხუზისთვის, მიადგენენ და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შემდეგ, როგორ უნდა დავუჭირო ვინმეს მხარი?!

თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეზე, გიორგი ბუთხუზზე საუბროთ?

დიახ! მან შექმნა მანკიერი წრე. ადრე ტერიტორიული პრინციპით და რიგითობით მოჰყავდათ ავადმყოფები. მაგალითად, მე ვიყავი მორიგე, სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. სხვა კლინიკები სხვა დღეებში იყვნენ და არავის პრეტენზია არ ქონდა. ახლა ეს რიგითობა და ტერიტორიის გრაფიკი დაირღვა. ბუთხუზმა თვითონ შექმნა ეს მანკიერი წრე.

დაინტერესდით, ნახეთ რამდენი აქვთ ტრადიციულ კლინიკებს გამომუშავება და რამდენი სარდაფში გახსნილ კლინიკას და მიხვდებით ყველაფერს. თანაც ჩემთან ინტენსიური სახელმწიფოსთვის ღირს 140 ლარი, მაგათთან კი 500 ლარი და გადაჭედილია კლინიკა. ჩემს კლინიკაში ჩემი ავტორიტეტით წვება ავადმყოფები. 

ანუ გარკვეულ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი?

ბუთხუზს პირდაპირ ვადანაშაულებ იმაში, რომ შექმნა კორუფციული მექანიზმი, რაც სპობს ქართულ მედიცინას. ამაზე მთავრობამ არ მიიღო ზომები. 

(ანზორ მელია: თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პირდაპირ ვადანაშულებ კორუფციული სქემის შექმნაში)

არ მოგწონთ თქვენი შვილი, რომ პოლიტიკაშია?

მეცოდება პოლიტიკისთვის. არ მინდა, მაგრამ თვითონ აირჩია ეს გზა და მე მხარს ვუჭერს მას. ის სუფთა და ვაჟკაცი ბიჭია. არაფერ ცუდს არ გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. 

თუმცა, თქვენ მის გვერდით იყავით და სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყავით ჩართული…

მე ახლაც მის გვერდით ვდგავარ. რომელი მამა არ დადგება შვილის გვერდით?!

ამ შემთხვევაში ნიკა მელიას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სანდრა რულოვსი ვგულისხმობ…

თქვენ ისევ პოლიტიკაზე გადამიყვანეთ.

მითხარით რომ გენანებათ პოლიტიკისთვის და გკითხეთ, თუ გენანებათ რატომ ჩაერთეთ… 

მენანება იმიტომ, რომ განათლებული ვაჟკაცია, სულ სხვა მიზანი ჰქონდა, მაგრამ ეს აირჩია. ის ზრდასრული პიროვნებაა და მის არჩევანს პატივს ვცემ. 

მამისთვის ძნელია, როგორი მოსასმენი როცა ეძახიან ზონდერია, ვიღაცის ტანზე ნიკას თავს რომ დადგამენ და თითქოს ეს ურტყამდა ჯორბენაძეს, როცა იმ წლებში ოქსფორდში სწავლობდა და საქართველოში არც ყოფილა?! ჩემზე რომ დაწერეს ორგანოებით ვაჭრობდა და დაჭერილი იყო მოსკოვშიო. 8 თვე დამჭირდა სასამართლოში და თამაზ ურთმელიძემ, რომელსაც „რუსთავი 2“ აკრიტიკებს ისეთი გამამართლებელი გადაწყვეტილება დადო, კაცურად დაწერა სიმართლე. 

იმ პერიოდში, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ჩემს მიმართ100%-იანი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 

მედიცინა არასდროს ყოფილა ბიზნესის დარგი და ამთ ბიზნესის დარგად გახადეს. აი ამის შედეგია „ლანცეტი“ და კიდევ სხვა კლინიკები იქნება მალე, რომლებიც ფულის შოვნაზეა გადასული და ავადმყოფზე არ ფიქრობენ. აი ამას ვყვირივ და არავინ მაქცევს ყურადღებას. 

ყველაზე დაბალი ფასები მაქვს, ჩემთან არ მოჰყავს სასწრაფოს და მიყავს იქ, სადა სახელმწიფოს ატყავებენ და არავინ ყურს არ მიგდებს. მეტსაც გეტყვი, მინდა ჩემს კლინიკას დავაშენო და კარდიოქირურგია გავაკეთო, ბატონი ნარმანია 10 თვეა არ მაძლევს უფლებას, მაგის სამსახური….

ჩემს არქიტექტორს უთხრეს, ნიკას მამა რომ არა 5 წუთში მოგცემდით ნებართვასო და შენობა, რომელიც 3 წელია აშენებულია ჯერ ეს მიიღეთო, რომლის გაგრძელება მინდოდა და ახლა მთხოვენ მეზობლებისგან თანხმობას მოგვეცითო, ამას აშენებულ შენობაზე მუბნებიან, არადა მეზობლები არ მყავს. აი ამაზე მაკარგვინებენ დროს-ენერგიანს და თქვენ მეუბნებით, რატომ გამოხატავდით პოლიტიკაში… აი ამიტომ, გამოასწოროს „ოცნებამ“ და „ოცნებას“ გვერდში დაუდგები. 

ვინ გითხრათ საყვედური სამეგრელოში გაკეთებული განცხადების გამო?

ჩემმა შვილმა ამიკრძალა ყველაფერი, მითხრა შენ პოლიტიკოსი არ ხარ და არ უნდა გააკეთო განცხადებები. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩემს შვილს პატივს ვცემ. რაზეც გული მტკივა გითხარით. ვხედავ რომ ქართულ მედიცინას სპობენ. მიუხედავ არაჩვეულებრივი საყოველთაო პროგრამისა ბოლომდე არ არის მიყვანილი. რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი? იმიტომ რომ არ შეიძლება მე, წარმატებული ექიმი, რომელსაც ძალიან კარგი დაზღვევის სრული პაკეტი მაქვს ვიყო გლეხის დონეზე, რომელსაც არანაირი დაზღვევა არ აქვს. 

თვალის ოპერაცია გავიკეთე და დაზღვევას ვეუბნები, რამდენი მექნება გადასახდელი, მპასუხობენ, ჯერ საყოველთაომ უნდა დაგაფინანსოს და მერე ჩვენო. 

ვეუბნები, სახელმწიფომ რატომ უნდა დამაფინანსოს როცა მე გიხდით სოლიდურ თანხას? მოდის ავადმყოფი, რომელსაც უფასოდ უკეთებთ კორონოგრაფიას, სტენდირებას და სახელმწიფო 70%-ს იხდის, პაციენტი კი 30%-ს. როცა პენსიონერია ეს 30% 60 ლარია, როცა ახლაგაზრდაა 180 ლარია. ამას ასე თუ ისე იხდიან, მაგრამ როდესაც ამ ავადმყოფებს ოპერაცია ჭირდებათ 30% 5000 ლარი ჯდება. ეს 5000 ლარი მაგათთვის 500 000 ლარის ტოლფასია, რასაც ვერ იხდიან. ამიტომ წყალში გადაყრილია ეს ფული. ამაზე უნდა მუშაობა რომ ეს დაიხვეწოს. ვინც მუშაობს იმას კერძო სადაზღვევო უხდიდეს, ვინც არ მუშაობს და გაჭირვებულია სახელმწიფო. მე ჩეს ექიმებს ვეუბნები, სახელმწიფოს ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება როგორც საკუთარ ფულს. 

იხსენა კლინიკები, ანუ სარგებლობენ მთავრობასთან ურთიერთობით და ხსნიან კლინიკებს და ფულს აცოცხლებენ. აი ამიტომ ვიყავი აქტიურად, ახლა არ ვარ….

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...