ანსამბლი „ქსოვრელები“ TV პირველში, ეკა მიშველაძის გადაცემაში მონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს

ანსამბლი “ქსოვრელები” განცხადებას ავრცელებს.

„23 ნოემბერს ანსამბლი „ქსოვრელები” მიწვეული იყო TV პირველ-ში მუსიკალური ნომრების შესასრულებლად. აღმოჩნდა, რომ ანსამბლი მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ თოქშოუში, რომელიც გავიდა პირდაპირ ეთერში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანსამბლი „ქსოვრელები” სრულად ემიჯნება პოლიტიკას და არავითარი ინტერესი განვითარებულ პროცესებში არ გააჩნია. ანსაბლის არცერთი წევრი, როგორც უფროსი, ასევე უმცროსი თაობიდან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან.

23 ნოემბრის გადაცემაში მონაწილეობის საკითხი არ იყო შეთანხმებული არც ანსამბლის “პროდიუსინგთან” და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. ტელევიზიიდან კონტაქტი განხორციელდა მუსიკალურ ხელმძღვანელთან, რომელმაც ჩათვალა, რომ მიწვეული იყო მუსიკალურ გადაცემაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გადაცემის შინაარსი ანსამბლის წევრებისთვის ცნობილი გახდა პირდაპირ ეთერში.

იმისათვის რომ არ მოხდეს რაიმე სახით დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან და ამან არ გამოიწვიოს ქსოვრელების გულშემატკივრების და მსმენელების გულისტკივილი, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვემიჯნებით პოლიტიკას და გადაცემის შინაარსი.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „ქსოვრელები” არის მედუდუკეთა გუნდი, რომელიც 60 წელზე მეტია ემსახურება ქართულ საქმეს, იცავს ერის საგანძურს და ავრცელებს დუდუკის ჰანგებს, ხელს უწყობს სიძველის შენარჩუნებას და ამავდოულად ქართული მუსიკის განვითარებას. თითოეულ მოქალაქეს ვაფასებთ მათი ჰუმანურობით, ჩვენი შექმნილი მუსიკის სიყვარულით და არა პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებით ანდა სოციალური კუთვნილებით.

ანსამბლი „ქსოვრელები” რჩება ხელოვნების განუხრელ მსახურად და მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა ტელევიზიასთან, რადიოსთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მხოლოდ მუსიკალური და გასართობი გადაცემების ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “მედია ცენტრი მთავარი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, tv პირველის” წამყვანმა, ეკა მიშველაძემ ახალი ამბები ზურნა-დუდუკის ფონზე გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად