ანსამბლი “ნადური” ფოლკლორის ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ თბილისში გრძელდება. 29 ნოემბერს 19:00 საათზე ცენტრის განახლებულ დარბაზში კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ანსამბლი ,,ნადური” გამართავს. წინა კონცერტების მსგავსად, დღევანდელი საღამოც საქველმოქმედო იქნება. 2 წლის ანისტასთვის ყველამ ერთად შევძელით ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვება. ამჯერად, პატარა გაბრიელის გამოჯანმრთელებაში მივიღებთ მონაწილეობას.

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი ,,ნადური” 2001 წელს წყალტუბოში ჩამოყალიბდა. ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, ჟღერადობის სიმწყობრითა და ბუნებრიობით. მათ რეპერტუარშია ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები – უმეტესად იმერული.
,,ნადურის” პირველი სოლო კონცერტი 2002 წელს წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ ივერიაში გაიმართა. სხვადასხვა დროს ანსამბლი მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო კონცერტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში.

ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორგზის ლაურეატი და პრიზიორია: ნომინაცია ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი – III ადგილი, ნომინაცია ქართული ტრადიციული გალობა – I ადგილი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება.
მომდევნო კონცერტი 4 დეკემბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი“ წარდგება. პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად