ანსამბლი “დიდგორი“ ცაგერის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს

14 ივლისს 18 საათზე მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,"დიდგორი“ ცაგერის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ცაგერის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაარსდა. ანსამბლ დიდგორის შემოქმედებითი პრინციპია: ძველი ხალხური სიმღერებისა და საარქივო ჩანაწერების მოძიება, წინაპართა საშემსრულებლო სტილისა და მანერის საფუძვლიანი შესწავლა და საკუთარი, დიდგორისეული, ხასიათის შექმნა.

ანსამბლი ხშირად მართავს კონცერტებს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დიდგორი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. 2016 წელს კი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ასევე ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისათვის დაჯილდოებულია საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის" მიერ. 

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი "ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, "ანჩისხატი“, "დიდგორი“, "იალონი“, "ნანინა“, "შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.
ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. 

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად