ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში 2010 -დან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება, ამ მიმართულებით, 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხთან დაკავშირებული 2019 წლის ანგარიში განიხილეს, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს ხელსიუფლება ერთგულია სამართლებრივი პრინციპებისადმი, რომელიც აერთიანებს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს და და შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

“ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ამ უფლებების და პრინციპების დაცვისადმი, ამიტომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ამ ანგარიშებში, ძირითადად, 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების მძიმე და უხეშ დარღვევებს ვხვდებით, აქ საუბარია სიცოცხლის ხელყოფის უფლებაზე, წამების აკრძალვის ხელყოფაზე, სამართლიანი სასამართლოს ხელყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების დროს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავატარეთ და ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლოს სისტემის თვალსაზრისით, პროკურატურასთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ პროკურატურა აღარ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და განხორციელდა არა ერთი სისტემური განახლების რეფორმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, რომლებმაც კიდევ უფრო გააუმჯობესა და მაღალი სტანდარტი დააწესა. ამის შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საქმეების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა და მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობის ხუთჯერ შემცირებაზე, ეს მიუთითებს, ერთის მხრივ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაზე, და მეორეს მხრივ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებულ არაერთ რეფორმაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გამოიხატა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, ჩვენ ხელისუფლებას უწევს კომპენსაციის სახით მილიონობით ლარის გადახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის_განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით,  თანხა ვერ შეცვლის ვერანაირ უფლების აღდგენას, მაშინ როდესაც საუბარია უმძიმეს დარღვევებზე და მუხლებზე, თუმცა აღებულია ვალდებულება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები პირნათლად შესრულდეს და 2012 წლამდე არსებული უხეში დარღვევების შედეგად მოქალაქეების უფლებები მინიმალური სტანდარტით, თანხობრივად მაინც აღდგეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად