ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მგონი, საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? – მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესისთვის ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროცესი, რომელიც პარლამენტში წარიმართება უპრეცედენტოა და 2019 წლამდე მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა.

“დღეს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საპარლამენტო უმრავლესობას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ წარმოდგენილ კანდიდატებს. იქნება შეკითხვები კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება შესაბამისი მოსამართლის ბიოგრაფიას და ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომელშიც მონაწილეობენ არასაპარლამენტო სუბიექტები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები. ეს პროცესი არის უპრეცენდენტო, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა 2019 წლამდე და ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ მოსმენებს, გადავწყვეტთ გუნდი, როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრების ჩატარება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილი განხილვას ესწრება.

“შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს. მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს. პოლიტიკის მიღმა არიან გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან და ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მათი წარმომადგენლები დაესწრებიან განხილვას, ეს ერთმანეთში შეუძლიათ გაარკვიონ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა პოზიციას აჟღერებს, თუ ცალკეულ ორგანიზაციებზე აპირებთ მესაუბროთ, უკვე არასერიოზულია,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შგახსენებთ: დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომიტეტზე ახლა გენადი მაკარიძეს უსმენენ, დღის მეორე ნახევარში კი კიდევ ერთი კანდიდატის, თამარ ოქროპირიძის მოსმენაა დაგეგმილი.

კომენტარები
იტვირთება...