ანრი ოხანაშვილი გოცირიძეს: გვახსოვს თქვენი შეწუხებული სახე, თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზე რომ არ შემოგიშვათ, თუმცა, თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20-21 ივნისის მოვლენების დროს

“ბ-ნო რომან, აღიარება კი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ პასუხისმგებლობისგან მთლად გათავისუფლება არ ხდება. რადიკალური ჯგუფი ვართო და შეიძლება ხვალ თქვათ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო. დაველოდებით სადამდე წახვალთ”.

ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

“რაც ეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენს გულისწუხილს, გვახსოვს თქვენი შეწუხებული სახე, თქვენმა პარტიამ  რომ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს. ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან – უბანში. რა ხდება თქვენს პარტიაში, იქნებ გაარკვიოთ. რატომ არ მოგცეს საშუალება, რომ კენჭისყრის პროცედურას გარეთ არ დალოდებოდით და შიგნით შემოსულიყავით. თუმცა, თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20-21 ივნისის მოვლენების დროს, თქვენს დაჯგუფებასთან ერთად რომ იყავით გამაგრებული პლენარულ სხდომათა დარბაზში. ასე, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და არ გვინდა ეს პათეტიკა და ცინიზმი საზოგადოების წინაშე. ამას საზოგადოება არჩევნებზე შეაფასებს”,- მიმართა ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს.

მანამდე რომან გოცირიძემ ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ ეთიკის ფარგლებში დასცინის მმართველ გუნდს და არა საზოგადოებას.

“მინდა შეგახსენოთ, რომ რადიკალურ და კრიმინალურ ოპოზიციას კომპარტიას უწოდებდა ეროვნულ მოძრაობას. იქნებ, რადიკალური და ჯიბის ოპოზიციის რეესტრი წარმოადგინეთ, რომ ვიღაცეებმა გიპასუხონ, თორემ იქნებ, ვისაც თქვენ თვლით ნამდვილ ოპოზიციად, ის მიიჩნევს თავს ყველაზე რადიკალურად. ამიტომ კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ. გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს, რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია… რა უყო ამ ოპოზიციამ კომუნისტურ პარტიას და რა დღეში ჩააგდო გახსოვთ ალბათ. ვინც ეს მესიჯბოქსი გასწავლათ, მათ წარმოდგენა არა აქვთ  ქართულ ისტორიაზე. ამ ენით საუბარი იდენტიფიკაციას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეებად ისედაც გთვლიან”, – მიმართა რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად