ანრი ოხანაშვილი: ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დღევანდელი მოქმედება, საჯარო დებატებიდან გაქცევა და დღეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მონაწილეობა არის მათი ლუსტრაცია და კაპიტულაცია. ამის შესახებ მან დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავდნენ.

„უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენს ამომრჩევლებს, ასევე მათ ამომრჩევლებს, – იძებნება ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები პარლამენტის შენობაში. ეს არის სრული ლუსტრაცია და ეს არის კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან 9 თვის განმავლობაში ელემენტარული არგუმენტი, კონტრარგუმენტიც კი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეყრდნობოდა მათი პოზიციები და როგორ შეიძლებოდა მათი პოზიციები შეწინააღმდეგებოდა ჩვენ მიერ წარმოდგენილ პოზიციებს. ამიტომ ეს ჯგუფები მხილებული არიან საბოტაჟში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ისინი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში თავისი რეზოლუციით ამხილა საბოტაჟში და მოუწოდა მათ, რომ დაეკავებინათ პარლამენტში მათთვის განკუთვნილი ადგილები და თავი დაენებებინათ საპარლამენტო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ როგორც 2020 წლის არჩვენებზე ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩვენებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დღისთვის, იგივე რისკები და კიდევ უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც თვითმმართველობის არჩევნებზე ემზადებიან არა არჩვენებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის.

„ისევე როგორც საზოგადოებამ არ დაიჯერა, რომ არჩევნები რაიმე ფორმით გაყალბდა და არანაირი მხარდაჭერა არ გამოუცხადა ამ დეზინფორმაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ასევე საღად გააანალიზებს მომდევნო არჩვენებს და დარწმუნებული ვარ საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

საზოგადოება ასეთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს არასოდეს მისცემს საშუალებას მოახდინოს შემდგომი მანიპულაცია“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...