ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება შეფასება. ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე“.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს ისმენენ.

ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს გამოეხმაურა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია და არაერთი რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შექმნან ეს ფორმატი და ვართ რა ამ ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყოველთვის გავაანალიზოთ წარსული, დავინახოთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ვიზრუნოთ მუდმივად ადამიანის უფლებების შემდგომ განვითარებასა და პროგრესზე. შესაბამისად, ის კოლეგები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ ხოლმე და ქმნიან ფონს, რომ დაკომპლექსდეს ვინმე და არ თქვას, რომ თურმე წარსულის შეხსენება ცუდია და დავივიწყოთ წარსული და გადავიდეთ აწმყოზე, ჩვენ აწმყოში ვართ, თუმცა, სწორედ ჩვენი ევროპული თანამეგობრობა არის ჩართული და სტრასბურგის სასამართლოა ჩართული იმ საქმეების განხილვაში, რომელიც მათთვის არის წარსული, ჩვენთვის კი არის აწმყო. შესაბამისად, ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში წარმოდგენილ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის – ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, 2009 წლის 25 აპრილისა და 15 ივნისის აქციის საქმეებზე. მან კოლეგებს ოპოზიციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად