ანრი ოხანაშვილი: არავის აქვს უფლება მედიას შეუშალოს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში – ვინც ამას გააკეთებს, პასუხისგებაში იქნება მიცემული

„ზოგადად, ძალადობაა დანაშაული, არასდროს არ მოხდება მოძალადე ჯგუფების გამართლება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ და ყველა შეკითხვას, რაც არსებობს, ერთი მხრივ, მედიაზე ძალადობასთან მიმართებით, მერე მხრივ, თქვენი კოლეგის გარდაცვალებასთან მიმართებით, გაეცეს პასუხი. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ხელისუფლება ამას გააკეთებს“.

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ განცხადებით, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის მედიაზე ძალადობა მიუღებელია.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, პროფესიული საქმიანობის შესრულებაში მედიას ხელი შეუშალოს.

„არავის აქვს უფლება მედიას შეუშალოს ხელი მისი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ვინც ამას გააკეთებს, პასუხისგებაში იქნება მიცემული. სრულად, არავის გამონაკლისის სახით ვერ და არ მოხდება რაიმე ფორმით ტოლერირება მედიაზე შესაძლო დანაშაულებრივი თუ სხვა ტიპის ქმედებების. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. პირიქით, ზედმეტად არ წავახალისოთ ისეთი ჯგუფები, რომლებსაც შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ. თუ იქნება რაიმე ფაქტი, ამას მოჰყვება რეაგირება. ამ ყველაფრის უკან ყოველთვის და დღესაც დგას „ნაციონალური მოძრაობა“. სადაც დგას ეს ხალხი, რა განცხადებებს, მოწოდებებსაც აკეთებს, ამით დასტურდება. ეს ჩვენი შეფასება არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, მათი პოზიციონირება, მათი დღევანდელი ქცევა, რაც აქ გააკეთეს და ადამიანის ბედით მანიპულირება – ტრაგედიის, ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...