ანრი ოხანაშვილი: ეუთო/ოდირის შეფასება არის შუალედური და არა საბოლოო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი მისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი.

ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შუალედური ანგარიშის შეფასებისას განუცხადა და განმარტა, რომ ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეეჩერებინა, გაუგებარია.

“ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა საბოლოო. დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს.

შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება”,- განაცხადა ანრი ოხნაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ოდირ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა

კომენტარები
იტვირთება...