ანკარას, სირიელი დევნილების დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა სურს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას უნდა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიონ სირია-თურქეთის საზღვრისგან, რათა იქ შევიდნენ დევნილები, რომელებიც ამჟამად თურქეთში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხს ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს. შეხვედრა კი სოჭში, 22 ოქტომბერს არის დანიშნული.

ერდოღანის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ სირიის სამთავრობო ძალებისა და ქურთული დაჯგუფებების უკან დახევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან დევნილები კონტროლირებად ტერიტორიებს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ გვინდა, რომ მათი დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ“, – განაცხადა პრესმდივანმა.

9 ოქტომბერს, ანკარამ, სირიის ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოპერაცია მიმართულია ქურთი „სახალხო დაცვის ერთეულებისა“ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ, რასაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

17 ოქტომბერს, აშშ და თურქეთი 120 საათით ანკარას სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში, ქურთულმა ფორმირებებმა საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით უნდა დაიხიონ, რის შემდეგაც თურქეთი შევა ამ ტერიტორიაზე და იქ უსაფრთხო ზონას შექმნის. მომდევნო დღეს კი კვლავ გავრცელდა ინფორმაცია სროლების გაგრძელების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად