ანგელა მერკელს რუსეთთან ურთიერთობის განვითარება სურს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიხეილ მიშუსტინს რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობების განვითარების სურვილი გამოთქვა.

“ისტორიულად, ჩვენ ქვეყნებს შორის პირადი, სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები  ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნიდა. მთავრობა ამ ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია”, – ნათქვამია გერმანიის კანცლერის მილოცვაში.

15 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ფედერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციაში მრავალი შესწორების შეტანის თაობაზე ისაუბრა, მათ შორის მთავრობის ფორმირების შესახებ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგება.

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტს გაწეული სამსახურისთვის და სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობა შეესრულებინათ.

აღნიშნულის შემდეგ, თანამდებობა რამზან კადიროვმაც დატოვა.  ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის განცხადებით, „არაშრომისუნარიანობის“ გამო, ის პოსტს დროებით ტოვებს და თანამდებობას ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელს, მუსლიმ ხუჩიევს აბარებს.

15 იანვარს, საღამოს, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას პრემიერმინისტრის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა.

სახელმწიფო დუმა 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მიხეილ მიშუსტინის რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნას დათანხმდა. იმავე საღამოს ვლადიმერ პუტინმა მიხეილ მიშუსტინის რუსეთის პრემიერად დანიშვნის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად