ანდრია გვიდიანი: როგორც არ უნდა მოიტანონ შეტევა ჩემს ოჯახზე, გაჩერებას არ ვაპირებ

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” მიერ მისი ოჯახის ბიზნესზე მომზადებულ სიუჟეტს პასუხობს და ცილისწამებას უწოდებს. “პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს ძალიან იაფფასიანი და უნიჭო მცდელობაა იმ მიზნით, რომ რამენაირად დავკომპლექსდე და გავჩუმდე. აქვე ვამბობ, რომ მათი ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, უშედეგო იქნება!” – წერს ანდრია გვიდიანი.

“ნაციონალური მოძრაობის” PR სამსახურმა ე.წ. “მთავარმა არხმა” სიუჟეტი მოამზადა მამაჩემის საქმიანობის შესახებ. ამას ველოდებოდი, სანდო ადამიანის მეშვეობით პირდაპირ შემომითვალეს, ძალიან აწუხებთ შენი აქტიურობაო და შენს წინააღმდეგ რაღაცეების მომზადებას აპირებენო. ვერაფერს პოულობენ და, სავარაუდოდ, მამაშენის თემას ამოქექავენო. ეგრეც მოხდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში “მთავარმა არხი” ჩემი პოზიციების გამო ჩემს დისკრედიტაციას ეწევა. საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას, თუმცა ამ პროცესმა კამპანიის სახე მიიღო და, შესაბამისად, საჭიროდ ვთვლი ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს ძალიან იაფფასიანი და უნიჭო მცდელობაა იმ მიზნით, რომ რამენაირად დავკომპლექსდე და გავჩუმდე. აქვე ვამბობ, რომ მათი ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, უშედეგო იქნება!

როგორი ფორმითაც არ უნდა მოიტანონ შეტევა ჩემზე თუ ჩემს ოჯახზე, გაჩერებას არ ვაპირებ. მთელი შეგნებით და შინაარსით დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ჩემს მიერ გადადგმული არცერთი ნაბიჯის და არცერთი გამოთქმული ფრაზის არ მრცხვენია და ამით ვამაყობ.

მთელი ჩემი ცნობიერებით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აქტიურობა მიმართულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. სანამ პირში სული მიდგას მანამდე ვიბრძოლებ, ამის პირობას ვიძლევი და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში და როგორი პოლიტიკური კონიუქტურა იარსებებს, ყოველთვის ვიქნები “ნაციონალური მოძრაობის” რეინკარნაციასთან ბრძოლის ავანგარდში და, ცხადია, ამას ყველა ვარიანტში გავაგრძელებ.

რაც შეეხება მამას ამბავს ძალიან მოკლედ:

2003 წელს რევოლუციამდე მამასთან მოაგზავნეს სანდო ადამიანი და რევოლუციის დაფინანსებაში მონაწილეობა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ პოლიტიკაში გარევის სურვილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო მამას მიმართ ღია და დაუფარავი ბრძოლა. მათ ჩვეულ სტილში დაიწყეს მამას ტერორი და ფულის გამოძალვა, სწორედ იმ ხალხის ფულის, ვისაც ბინა ჰქონდა ნაყიდი და მის მიღებას ელოდებოდა.

2004 წელს, როდესაც უკვე ხელისუფლებაში იყვნენ, 400.000 დოლარი მიატანინეს;

2004 წელს გააჩერებინეს მშენებლობა და გაჩერებული მშენებლობის გამო, ჯარიმა საურავები 800.000 ლარამდე დაარიცხეს;

2006 წელს გაარემონტებინეს “ნაციონალური მოძრაობის” რუსთაველის ოფისი, რაც დაახლოებით 200.000 დოლარი დაჯდა;

2007 წელს გაარემონტებინეს ცაგერში კათარზისის შენობა, რაც დაახლოებით 100.000 დოლარი დაჯდა;

იყო შემთხვევები, როდესაც მათი საარჩევნო კამპანიისთვის 40-50 ათასი დოლარი “აახიეს” – საქმეს სჭირდება ძმაო და ჯიბეზე ხელი მოისვიო. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური ტერორი სახელმწიფოს სახელით.

2004 წლიდან 2010 წლამდე არ მისცეს არცერთი სამშენებლო ნებართვა იმ პირობებში, როცა ირგვლივ უამრავი მშენებლობა მიდიოდა.

არსებობს აუდიტის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ჩვენი ოჯახის მხრიდან მშენებლობაზე, წლობით გადახდილ ქირებზე და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე 3 მილიონი დოლარით მეტია დახარჯული, ვიდრე მთლიანად შემოვიდა ბინების გაყიდვიდან. (ამ თანხაში არ შედის ზემოთ ჩამოთვლილი “ნაცმოძრაობისთვის” გადახდილი ხარკის თანხები)

2010 წელს დაიჭირეს და 30 წელი მიუსაჯეს.

2013 წელს, როდესაც შეკრებითობის კანონი გაუქმდა მამა გარეთ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ყველანაირი ვალდებულება მოხსნილი ჰქონდა, პასუხისმგებლობას არ გაექცა და დღემდე წვალობს, რომ დაზარალებული ადამიანების პრობლემა მოაგვაროს და ასეც იქნება, ეჭვი არ მეპარება, რომ მამა ყველაფერს მოაგვარებს. მამაჩემი დიდი კაცია, არასდროს არ გაქცევია პასუხისმგებლობას და ახლაც ასე იქნება, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და, რა თქმა უნდა, ვინ რაც არ უნდა თქვას, ვამაყობ მამაჩემით.

“მთავარ არხს” მოვუწოდებ, მათ უფროსებს მოკითხონ ეს ამბები, დაინტერესდნენ რატომ ხდებოდა ისე, რომ როდესაც თბილისში მშნებლობის ბუმი იყო, ერთი აგურის დადების უფლებას არ აძლევდნენ მამაჩემის კომპანიას.

მემგონი ახლა ხვდებით რატომ ვარ და რატომ ვიქნები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ შეუგუებელი, რატომ ვიბრძოლებ ბოლომდე მათ წინააღმდეგ და რატომ ვიქნები მათი შეურიგებელი ოპონენტი” – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად