ანდრია გვიდიანი: კრემლს ლანგარზე დადებული მივართვით თბილისში, პარლამენტის წინ დამწვარი ევროკავშირის დროშა

ემოციებმა ცოტა გადაიარა, გავბრაზდით, შევშფოთდით, დავგმეთ, მოკლედ მთელმა ქვეყანამ ემოციების სრული პაკეტი დავდეთ. ახლა, მე მგონი, ცოტა ცივი გონებითაც რომ ვიფიქროთ, ურიგო არ იქნება, – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდირა გვიდიანი საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, სინამდვილეში არანაირ კავშირში არაა არც ვინმეს უფლებებთან, არც სხვისი სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობასთან. ეს იყო, რუსეთის და დასავლური ღირებულებების დაპირისპირება, რომელიც შესანიშნავად დაიგეგმა რუსების მიერ და სამწუხაროდ, იდეალურად განხორციელდა ქართველების მიერ.
შედეგი დადგა ის, რომ, კრემლს ლანგარზე დადებული მივართვით თბილისში, პარლამენტის წინ დამწვარი ევროკავშირის დროშა. რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებში კი, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს თავს ახვევს გეი-აღლუმებს, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოში “ლიბერალური დიქტატურის” დამყარებას და ა.შ. აი, რამოდენიმე ციტატა წამყვანი რუსული ტელეარხებიდან 👇🏻
📌 “გეი-აღლუმის ჩაშლის შემდეგ, საქართველოს ისღა დარჩენია ნატოზე და დასავლეთზე უარი თქვას და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”;
📌 “საქართველოში საბჭოთა წარსულის უჯრედების დონეზე არსებული მეხსიერება ჯერ არ გამქრალა”,
📌 “დასავლეთი მუდმივად ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები, თუმცა ამ პატარა ერს როგორც ჩანს კოლექტიური იმუნიტეტი აქვს”,
მოდით ახლა შევეცადოთ ცოოტა ვრცლად და ოდნავ კრიტიკულად შევხედოთ რა ხდება. 👇🏻
რუსული პროპაგანდა 🇷🇺📢
ზოგადად, სექსუალური უმცირესობების საკითხით მანიპულირება და გენდერზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ანტიდასავლური დამოკიდებულებების გაჩენის საკმაოდ მოქნილი სტრატეგია, სწორედ სექსუალური უმცირესობების თემით მანიპულაციას უკავშირდება. ასეთი ტიპის კამპანიები, ფოკუსირებულია არა უშუალოდ სექსუალური უმცირესობების დისკრედიტაციაზე, არამედ ანტიდასავლური განწყობების დათესვაზე.
გენდერზე დაფუძნებული დეზინფორმაციული ნარატივი კრემლის ინტერესებს კიდევ ერთი კუთხით ემსახურება. ეს ნარატივი გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ფართო გეოპოლიტიკური მიზნების გასამყარებლად. კერძოდ, ტოლერანტობის, ფემინიზმის და ლიბერალიზმის იდეების მიმართ მზარდი უნდობლობის დათესვის გზით, რაც თავის მხრივ ამერიკასთან და დასავლეთთან არის გაიგივებული.
გარდა ამისა, რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდა მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიის პოლიტიკური და კულტურული ალტერნატივის შექმნას, რომელიც პუტინის რუსეთის მაგალითზე გულისხმობს ტრადიციული წარმოდგენების, ოჯახის და სხვა ქრისტიანული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევას. სხვათა შორის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს მეთოდები – მუშაობს.
ამ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, პუტინი ქრისტიანულ სამყაროს აყენებს “უზნეო წესრიგის” დაქვემდებარების საფრთხის წინაშე. შესაბამისად, პროპაგანდის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების არჩევანის წინაშე დაყენება, შემდეგი ფორმულირებით – “ზნეობრივი რუსეთი” VS “გარყვნილი დასავლეთი”.
ევროკავშირი – აშშ 🇺🇸🇪🇺
სამწუხაროდ, ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ნებსით თუ უნებლიედ ხელი ეწყობა ანტიდასავლური განწყობების დათესვას. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, რიგ საკითხებზე ელჩების შეუვალი დაჟინება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულების აბსოლუტური უგულვებელყოფა რუსული ინტერესების წახალისების საფუძველი ხდება.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოძველებული და არაეფექტური სტრატეგიით მუშაობენ. ხშირად, ელჩები გარკვეული ტიპის გაიდლაინებით, მექანიკურად მოქმედებენ, როცა რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ და ჯიუტად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას შეაჩეჩონ ის, რაც ამ ერისთვის აბსოლუტურად არაორგანულია. შესაბამისად, სამწუხაროდ, ელჩების მხრიდან მთელ რიგ საკითხებზე ჯიუტად პოზიციების დაფიქსირების ფონზე, ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების, სურვილების, იდენტობის ან თუნდაც რელიგიური გრძნობების უგულვებელყოფა.
ჩვენ მეგობრებს არ აქვთ გაცნობიერებული, ან არ უნდათ დაიჯერონ, რომ სხვა ქვეყნებისთვის დაწერილი გაიდლაინები აქაურობისთვის უბრალოდ გამოუსადეგარია. ნუთუ ელჩებს არ ესმით, რომ თავიანთი ჯიუტი და რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელი პოზიციების გამო თავად შორდებიან ქართული საზოგადოების კეთილგანწყობას. სწორედ ამ დაჟინებული და მენტორული პოზიციების შედეგია საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დამწვარი დროშა, საქართველოს “მხსნელის” როლში პუტინის შეთავაზების მცდელობები და სხვა ანტიდასავლური ნარატივები.
ვფიქრობ, ჩვენი მოკავშირე საელჩოების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. თვალი უნდა გაუსწორონ საგანგაშო რეალობას, რომელიც დასავლური ღირებულებების კლებადი პოპულარობის ტენდენციის სახით არსებობს. ასევე, ვფიქრობ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ დღევანდელი რუსული მძლავრი პროპაგანდის შესაძლებლობები და დაიწყონ ფიქრი ეფექტური ალტერნატივების შექმნაზე.
LGBT უფლებები 🏳️‍🌈
სინამდვილეში საერთოდ შეუსწავლელია რეალურად მართლა ეზღუდებათ თუ არა სექსუალურ უმცირესობებს უფლებები საქართველოში. მაგალითად, Rainbow Europe ინდექსის თანახმად, საქართველო 49 ქვეყანას შორის არის 32-ე ადგილზეა ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან და შვეიცარიასთან ერთად და უსწრებს ევროკავშირს წევრ ისეთ ქვეყნებსაც როგორიცაა – იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ლიტვა და ლატვია.
რეალურად, სექსუალურ უმცირესობებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მილიონობით დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ თანხების მოძიების მიზნით, იგეგმება და წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა სახის პროვოკაციები.
P.S.
⭕️ ფიქრს უნდა მივეჩვიოთ,
⭕️ ფიქრის დროს კრიტიკულად უნდა ვიაზროვნოთ,
⭕️ მერე უნდა ვიმსჯელოთ,
⭕️ ასე შეიძლება რამე გვეშველოს”, – წერს ანდრია გვიდიანი.
კომენტარები
იტვირთება...