ანაკლიის ეკონომიკური ზონა 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მლრდ დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს

ანაკლია სითიმ “ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების გეგმის” კვლევა დაასრულა. კვლევა წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol – მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს.

კვლევამ ასევე აჩვენა ის პრიორიტეტული დარგები და მიმართულებები, რომელთათვისაც ანაკლიის სეზ-ი განსაკუთრებით ეფექტური იქნება: ლოგისტიკა/სადისტრიბუციო, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალა, კოსმეტიკა, ავტონაწილები, ფარმაცეფტიკა და სხვა.

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა ოპერირებას პორტთან ერთად დაიწყებს და პირველად საქმიანობად პორტის ტვირთების მომსახურებასა და სხვა ლოგისტიკურ საქმიანობებს გეგმავს. 2019 წელს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა აქტიურად იმუშავებს იურიდიული ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მორგებული იქნება კერძო სექტორის ინტერესებზე და მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის, რათა შეძლოს, კონკურენცია გაუწიოს სხვა წარმატებულ ეკონნომიკურ ზონებს.

“ანაკლია სითი” სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ფაზების მიხედვით გეგმავს. პირველი ფაზა მოიცავს მომდევნო 9 წელს, რომლის ფარგლებშიც ათვისებული იქნება 100 ჰა მიწა, დასაქმდება 2700 ადამიანი და მოზიდული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 190 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

BuroHappold Engineering-მა და Moffat & Nichol-მა იმუშავეს ზონის ეკონომიკურ ანალიზზე, პროექტის განხორციელების კვლევასა და კონცეპტუალურ მასტერპლანზე. კომპანიები კვლევის პროცესში სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოში არსებულ 70 მდე ლოგისტიკურ, მწარმოებელ და სხვა კომპანიებს შეხვდნენ.

BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. Moffat & Nichol-ი კი ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიაა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, განსაკუთრებით კი, საზღვაო, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...