ანა სუბელიანი: მიზანმიმართული თავდასხმა იყო, პოლიცია ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა. როგორც მან “ტვ პირვბელის” ეთერში განაცხადა, მის მიმართ მიზანმიმართული თავდასხმა განხორციელდა, თუმცა სამართალდამცველებს ამის შესაჩერებლად შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.

“მიზანმიმართული თავდასხმა იყო, მომვარდნენ, მემუქრებოდნენ, პოლიცია ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლება ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გავმხდარიყავი, სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე. მძიმე საგანი, სავარაუდოდ ქვა მესროლეს”,-განაცხადა ანა სუბელიანმა.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“სასწრაფოს მანქანაში ვარ, კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი. ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი.

მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და პოლიციამ მათ შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი”,-წერს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად