ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტმა შეასრულოს თავისი როლი და შს მინისტრსა და გენპროკურორს კრიტიკული კითხვები დაუსვას

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებშია, შინაგან საქმეთა მინისტრი განმარტებებს უნდა აკეთებდეს, მაგრამ რეაგირება ნულია.

მისივე თქმით, თავის მოვალეობას პარლამენტიც არ ასრულებს და არცერთი დეპუტატი არ გრძნობს მინიმალურ პასუხისმგებლობასაც კი.

“ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ხედვა. დღეს უნდა გამოდიოდეს შს მინისტრი, რომელსაც აბარია ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანებს გააჩნიათ. უნდა გამოდიოდეს და ამბობდეს, რომ აი აქ მაქვს ხარვეზი და სასწრაფო აუდიტი ჩავატარე, ეს არ მივარგა, მექანიზმს შევცვლი, საგამოძიებო ხარისხს გავაუმჯობესებ… ამაზე საუბარი ნულია.

ან პარლამენტარები არცერთი არ გრძნობს მინიმალურ პასუხისმგებლობას იმ სრულიად უკონტროლო მდგომარეობის გამო, რომელიც შექმნილია?! როდის გვახსოვს ბოლოს, რომ პარლამენტმა ძალოვან უწყებებთან მიმართებაში განახორციელა ის ფუნქცია, რაც მას აქვს?! ეს არის საპარლამენტო კონტროლი, როდესაც დაიბარებდა შესაბამის თანამდებობის პირებს – იქნება ეს მინისტრი თუ გენერალური პროკურორი და წესიერად დასვამდა უმნიშვნელოვანეს თემებზე კრიტიკურ კითხვებს. ის კი არა დითირამბებს, რომ უმღერიან პარლამენტში მისულ მინისტრებს. მარტო კითხვებს კი არ დასვამდა, არამედ ანგარიშვალდებულების პროცესს შექმნიდა – ან საზოგადოებაში გაცემულ ძალიან მწვავე შეკითხვებს პასუხს გასცემ, ან წახვალ სახლში. ეს არის პარლამენტის როლი, რომელსაც ის არ ასრულებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად