A1 ბანერი

ანა ნაცვლიშვილი მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტსა და მმართველ კოალიციას მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა მათ, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები გაითვალიწინონ და შეისწავლონ ადამიანების მსოფლმხედველობა, ვიდრე მათ ქვეყნის ბედსა და მნიშვნელოვან პოზიციებს ჩააბარებენ.

„მე არ მინდა პასუხისმგებლობის მიღმა დარჩნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით გამოთქვამენ შეშფოთებას რა საოცრება და საშინელება გააკეთა საბჭომ და საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. 

განსაკუთრებით მინდა მივმართო პარლამენტარებს და მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აღშფოთებულები არიან გირგვლიანის საქმის მოსამართლის დაბრუნებით სისტემაში, სწორედ იმიტომ რომ თქვენ სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ იმას, რაზეც არასამთავრობო სექტორი წლებია უკვე საუბრობს. 

არ შეიძლებოდა ამ საკითხის საბჭოს დისკრეციაზე დატოვება, რომელიც ისე განმარტავს კანონს როგორც ბატონო მერაბი და მისი კოლეგები განმარტავენ და რომ ეს ძალიან ცუდ შედგებამდე მიიყვანდა სასამართლო სისტემას, ამიტომ, ვითხოვდით ჩვენ თქვენგანაც და იუსტიციის სამინისტროსგანაც, რომელიც არის რეფორმის ავტორი მეტი პასუხიმგებლობით მოკიდებოდით სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ახლა ყველას მინდა მოგიწოდოთ სასწრაფოდ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და მოიკითხოს რა ხდება მართლმსაჯულების მესამე თაობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეჩერებულია მას შემდეგ რაც ქალბატონი იუსტიციის მინისტრი შეხვდა ლევან მურუსიძეს და მოსამართლეთა კორპუსს, გაჩერებულია ეს კანონპროექტები და არავინ იცის რა ბედი ეწევა მათ, რა შეიცვლება. 

პარლამენტის წარმომადგენლებმა უნდა მოითხოვოთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხები, რა დაემართა სასამართლო რეფორმას, ხომ არ არის სასამართლო რეფორმა მთლიანად ძირგამოთხრილი იმ ფაქტით, რომ მოსამართლეები რომელებსაც ასეთი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, ასე ხედავენ სასამართლო სისტემის როლს და არიან შემსრულებლები, ისინი ბრუნდებიან სასამართლო სისტემაში და საზოგადოებას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტები ამ ყველაფერს წინ აღუდგეს. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობის თემა, არა მარტო საბჭოს წევრების, არამედ პოლიტიკოსების, მმართველი გუნდის, პარლამენტარების პასუხისმგებლობის თემა და თუ თქვენ აქამდე ვერ ხედავდით ამ პასუხისმგებლობის თემას ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს მაინც გააცნობიეროთ, რომ სასამართლოს სისტემა არის კრიზისის წინაშე და რომ ეს ქართულ საზოგადოებას ძალიან ძვირად დაუჯდება. 

ამიტომ ძალიან გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები გაითვალისწინოთ, როგორც ამ რეფორმასთან მიმართებაში ისე სხვა რეფორმებთანაც და როდესაც ნიშნავთ თანამდებობის პირებს ან ირჩევთ ფორმალურად კი არ გაესაუბროთ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ შეისწავლოთ ამ ადამიანების მსოფლმხედველობა სანამ მათ ქვეყნის ბედს და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებს ჩააბარებთ მათ,“ – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პოლიტიკოსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...