ანა ნაცვლიშვილი: გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ბოკერიას ინტერესში, რომ ოპოზიციის ოპოზიციად გადაიქცეს

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” 10 პუნქტიან გეგმას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

„ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად. მთავარი ორიენტირი, რის ირგვლივაც უნდა იყოს მუშაობა ოპოზიციაში, არის სისტემის ცვლილება, რადგან ამ სისტემის ცვლილების გარეშე რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად ხელში დაუტოვებს ძალიან ბასრ, უსამართლო იარაღს. რა თქმა უნდა, ამ ბასრ იარაღს ხელისუფლება გამოიყენებს, რათა ისევ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

რაც შეეხება ნაბიჯების თანმიმდევრობას, რა უნდა იყოს, სიმართლე გითხრათ, ახლა ამ დეტალებში შემოსვლის სურვილი არ მაქვს, რადგან ბევრჯერ ვთქვი და განვაცხადე, ჩვენ ვებრძვით მეორე მხარეს მდგომ აბსოლუტურად უკონტროლო, უკანონო, უზარმაზარი რესურსებით (მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ) უზარმაზარი ინფორმაციით აღჭურვილ და პარტიულ მანქანას, რომელიც გადაჯაჭვულია ერთმანეთზე სრულიად არაჯანსაღად. ამ პირობებში მათთვის დეტალურად ჩაბარება გეგმის, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, არ მგონია, იყოს გონივრული. ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა, იმ ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე, დასაბუთებაზე, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვესაუბრო, არამედ იმიტომ, რომ ვესაუბრო ჩემს მოქალაქეებს და მათთვის იყოს გასაგები, რა ტიპის ბრძოლაშია ოპოზიცია, რა ტიპის ბრძოლაში ვითხოვთ მათ მხარდაჭერას. მხოლოდ ამ მიზნით, სხვა შემთხვევაში, არ მგონია, იყოს გონივრული ყველა დეტალი გავუშიფრო „ოცნებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” კრიზისიდან გამოსვლის 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

კომენტარები
იტვირთება...