ანა ნაცვლიშვილი: “ევროსაქართველოსთან” მედია გადაძახილ-გადმოძახილი არ მსურს, თუ რამე აქვთ სათქმელი, დარეკონ

“ევროსაქართველოსთან” მედია გადაძახილ-გადმოძახილი არ მსურს, თუ რამე აქვთ სათქმელი, დარეკონ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილ 10 პუნქტიანი გეგმის საპასუხოდ განაცხადა.

„არ მსურს, გავაგრძელო მედიარეჟიმში გადაძახილ-გადმოძახილი „ევროპულ საქართველოსთან“. ერთმანეთის ტელეფონები ვიცით და თუ ვინმეს აქვს რაიმე სათქმელი, შეუძლია, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვქონია ამ თვეების განმავლობაშიც, როდესაც პარლამენტში შესვლა ან მანდატების დატოვება გახდა ცენტრალური საკითხი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. პოლიტიკურ ბრძოლას ფორმასთან ერთად, სჭირდება შინაარსი. ამიტომ თუ შინაარსი მოითხოვს ამ ფორმის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს ფორმა არის კანონიერიც და ლეგიტიმურიც. თუ პოლიტიკური ბრძოლის შინაარსი ამას არ მოითხოვს და პირიქით, მოითხოვს იგივე საპარლამენტო მანდატის გამოყენებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მისაღწევად, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა სივრცე იხშობა თანდათან პოლიტიკური პარტიებისთვის, ამ ვითარებაში მოწოდება, რომ პარლამენტიც დატოვე, საკრებულოც, არ ვიცი, რეალურად რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი ღრმა რწმენა არის, ვიდრე ოპოზიცია ინარჩუნებს მანდატებს პარლამენტში, ეს მანდატები არა თუ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ უნდა იყოს გამოყენებული სრული დატვირთვით. ვისურვებდი, დისკუსიები გადავიდეს ამ მიმართულებით სრული დატვირთვით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრძოლის ის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც არის პარლამენტი. ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვცდილობთ, ქუჩიდან მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, მაშინ, როდესაც ის პარლამენტში ზის. ჩემთვის ლოგიკური არ არის, მარტო ქუჩიდან რატომ უნდა მივაწვდინო ხმა, თუ შემიძლია, მაგალითად, რაც გავაკეთე გუშინ, შევიდე კომიტეტზე, დავარქვა ყველაფერს თავისი სახელი, ჩამოვახიო ნიღაბი და შემდეგ გამოვიდე. არ მესმის, ამაზე რატომ უნდა ვთქვა უარი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” კრიზისიდან გამოსვლის 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

კომენტარები
იტვირთება...