ანა ნაცვლიშვილი: დღეს პრემიერმა ეს თემები წამოსწია მთავრობის სხდომაზე! რატომ? – იმიტომ რომ მისი რეპუტაციული სკანდალი დუღს

პარლამენტის ფრაქცია “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ მინისტრის, ირალი ღარიბაშვილის მიერ დღეს, მთავრობაზე გაჟღერებულ ინიციატივებს ეხმაურება და აცხადებს, იმ მიზეზებზე საურობს, რის გამოც, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

“ლუდომანიაც (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ნარკოდამოკიდებულებაც, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სამუშაოს უზრუნველყოფაც უკიდურესად საჭირბოროტო საკითხებია და დიდი ხანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პროფესიულად სწორ გამოსავალს სთავაზობდა ხელისუფლებას. ხელისუფლების რეაქცია იყო: ნაცი ხარ, მიკერძოებული ხარ, ეს ხარ, ის ხარ.
დღეს პრემიერმა ეს თემები წამოსწია მთავრობის სხდომაზე! რატომ?
იმიტომ რომ მისი რეპუტაციული სკანდალი დუღს და საპასუხო არაფერი აქვს იმაზე, თურმე როგორ უყურებს და რად აღიქვამს მისი ღმერთი – ბატ.ბიძინა. ამიტომ გაახსენდა ადამიანები რეალური პრობლემებით – გადაფარვის მიზნით.
ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო გიჩანთ, ბატონო ირაკლი!” – წერს ანა ნაცვლიშვილი.

პრემიერი ღარიბაშვილი პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების მომატების ინიციატივით გამოდის, მეორე ეტაპზე კი მათი დახურვა განიხილება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.

„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. მათი უმეტესობა დღეს უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა – ისინი, ვინც არ მუშაობენ. ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...