ანა ნაცვლიშვილი: ამ კანონპროექტის მიღება სიტყვის თავისუფლების დასასრული იქნება

„მინდა გამოვრიცხო, რომ ეს კანონი გახდება საქართველოში რეალობა. ეს ნამდვილად იქნება სიტყვის თავისუფლების დასასრულისკენ სწრაფად გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს აზერბაიჯანიზაციის მცდელობა“, – ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შეურაცხყოფა და ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპული ტიპის კანონმდებლობა აქვს, ამ სტანდარტის დაწევა კი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ჩვენი მოქმედი კანონმდებლობაც ძალიან მაღალი სტანდარტის მქონეა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი, რომელიც სქართველოში ამ დროისთვის მოქმედებს და ის სტანდარტი, რომელსაც ეს კანონი ადგენს არის ძალიან მაღალი სტანდარტის. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ იმ სტანდარტით, რომელსაც ეს კანონი ადგენს. პრაქტიკაში როგორ ხორციელდება ამის დაცვა ეს სხვა თემაა, მაგრამ საქართველოს ნორმატიული ბაზა აქვს სწორედ, საუკეთესო და ევროპული სტანდარტის შესაბამისი.

ამ სტანდარტის დაწევა იქნება უკან გადადგმული თუ საკანონმდებლო დონეზე რაიმე ტიპის საფრთხე დაემუქრა სიტყვისა და გამოხატვის -თავისუფლებას, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება პირადად მისი თავისუფლებების და ზოგადად საჯარო სიკეთის და სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აქვს რამდენიმე განზომილება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება არის ის, რომ ეს უფლება არის ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიის, საჯაროდ აქტიური ადამინების ხელში, რომ მათ დასვან საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პრობლემები, დასვან და ისაუბრონ გამოწვევებზე. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ იმ თემებზე რისი გაგონებაც კრიტიკის ადრესატებს არ უნდათ. 

რას მივიღღებთ ჩვენ თუ გავაჩუმებთ კრიტიკულ ხმას?! მივიღებ იმას რომ, ამათუ იმ სისტემაში კისევ უფრო გაღრმავდება არსებული მანკიერებები და პრობლემები და ამაზე ადამინები ვერ ისაუბრებენ იმიტომ, რომ სისტემის კრიტიკა, ასეთი კანონმდებლობის პირობებში ძალიან ადვილად შეიძლება გადაითარგმნოს როგორც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული საკითხი. და იმის შიშით რომ არ წავიდეს ციხეში ვერ ისაუბროს სერიოზულ გამოწვევებზე, რომელიც არის სამართალდამცავ უწყებებში, სასამართლოში. მინდა გამოვრიცხო, რომ ეს კანონი გახდება საქართველოში რეალობა. ეს ნამდვილად იქნება სიტყვის თავისუფლების დასასრულისკენ სწრაფად გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს აზერბაიჯანიზაციის მცდელობა. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ პარლამენტში შესაბამისი ჯანსაღი დისკუსია მალე დაასრულებს ამ საკითხს. ამის განხილვაც კი და ფართო განხილვის მიცემა ამ ტიპის კანონპროექტისთვის… მე ვფიქრობ, რომ პარალმენტმა ამ კანონპროექტს ტრიბუნა არ უნდა დაუთმოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და სიტყვისა თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. რომლის მიღების შემთხვევაში ცილისწამება და შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. აღნიშნული კანონპროექტი უკვე შეფასდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...