ანა კასრაძე: სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს შემთხვევების ის რაოდენობა, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, შემთხვევები კლებისკენ არ მიდის და სავარაუდოდ, შემთხვევების მატება იქნება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობა საერთო წყაროებს უკავშირდება და ჯერ მათი უმრავლესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის მართვადი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს და რა არის მისი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის, რადგან სწავლის დაწყების შემდეგ მობილობა მოიმატებს, რაც ინფიცირების ზრდის რისკს ქმნის, ანა კასრაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, როცა სწავლა იწყება, რისკები იზრდება, რაც კიდევ ერთი სირთულეა, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია და ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, უმჯობესი იქნება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა.

„თავდაპირველად, გვქონდა მოწოდება – დარჩი სახლში, მაგრამ ახლა ახალი მიდგომა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად არსებობა, კოვიდთან ერთად სწავლის პროცესის ჩატარება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ის, რაც აუცილებელია. იმისთვის, რომ რისკი შემცირდეს, პირადად ჩემი და ზოგადად რეკომენდაცია იქნებოდა მაქსიმალურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ვფიქრობ, ეს უფრო შესაძლებელია უმაღლესებში, დაწყებით კლასებში კი უფრო გართულდება. სადაც შესაძლებელია და რომელ უნივერსიტეტებს და სკოლებსაც შესაძლებლობა აქვთ, მოვუწოდებდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. გარდა ამისა, საჭიროა მკაცრი კონტროლი უშუალოდ დაწესებულებებში. ყველა სტუდენტმა და უფროსკლასელმა სწავლის დროს, დახურულ სივრცეში, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენოს ნიღაბი და ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა ანა კასრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად