ანა დოლიძე: ზარდიაშვილს არ ეგონოს, რომ ყველაფერი დამთავრდა… იაროს პროკურატურაში და თავისი ქონების წარმომავლობა ახსნას

„სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანია ვანო ზარდიაშვილის განცხადებებზე  დროს არ ვკარგავ, ამიტომ მივესალმები იმ ფაქტს, რომ მან დაასრულა საქართველოს პარლამენტში საქმიანობა“, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „აიპრესს“ ვანო ზარდიაშვილის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, როდესაც მან დეპუტატის მანდატი დატოვა.

დოლიძე აქვე ამბობს, რომ ზარდიაშვილს არ ეგონოს, თითქოს ამით მისი საჯარო მოღვაწეობა დასრულდა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული ოცნების დაგვიანებული ნაბიჯი. მათ ზარდიაშვილის საკუთარ გუნდში არსებობით დიდი ხანია დაკარგეს რეპუტაცია, მაგრამ აქ მთავარია, რომ ვანო ზარდიაშვილს არ ეგონოს, რომ აქ დასრულდა მისი საჯარო მოღვაწეობა და ამით ყველაფერი დამთავრდა. აქ არ უნდა დასრულდეს! როგორც კი იქნება შესაძლებლობა, კრწანისში, პროკურატურის შენობაში უნდა იაროს მან ხშირ-ხშირად. იმისთვის, რომ ახსნას თავისი ქონების წარმომავლობა და თავისი კავშირები სასამართლოს დღევანდელ კლანთან.

მე ამას ასე არ დავტოვებდი. თუ მექნება ამის საშუალება, დავსვამ ამ საკითხს. ზარდიაშვილმა უნდა ახსნას თავისი ქონებრივი წარმომავლობა და ის საჩუქრები, რომელიც ნახსენები აქვს დეკლარაციაში და რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰქონდა და დაასაბუთოს, რამდენად აქვს ამას კავშირი მის გავლენასთან სასამართლო ხელისუფლებაში. ეს არის შემდეგი თავი ვანო ზარდიაშვილის ცხოვრებაში“, – გვითხრა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და განცხადებას ავრცელებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად