ანა დოლიძე უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე: ევროკავშირისთვის ეს უკვე წითელი ხაზია

ევროკავშირისთვის ეს უკვე წითელი ხაზია, – ასე გამოეხმაურა “აიპრესთან” საუბრისას პარტია “ხალხისთვის” ლიდერი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში 4 ახალი მოსამართლის გამწესების პროცესს.

მისი თქმით, “ოცნებას” დიპლომატიური ენა არ ესმოდა და ახლა უკვე მკაფიო გზავნილზე გადავიდა.

“როგორც ჩანს ეს უკვე წითელი ხაზია ევროკავშირისთვის. მისი მხრიდან ეს არის სწორი ნაბიჯი. საკითხობრივი წითელი ხაზია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ გააგრძელებს თანამშრომლობას სხვა სფეროში საქართველოსთან, მაგრამ ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ სასამართლოსთან მიმართებით, ევროკავშირმა უკვე თქვა თავისი ბოლო სიტყვა და ის აღნიშნულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. კარგია, რომ აქამდე მივიდა, იმიტომ, რომ მანამდე ცოტა უფრო რბილი და დიპლომატიური ენით ნათქვამი, ამ ხელისუფლებას არ ესმოდა”, – ამბობს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი გაიმართა.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს. მისივე თქმით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...