ანა დოლიძე: “ოცნება” კლანისგან შეკვეთებს თავად იღებს – “ოცნებაც” და კლანიც ერთად წავლენ

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოში არაფერი შეიცვლება, რადგან მათ შორის გარიგება ისევ ძალაშია და ახლა შეკვეთებს “ოცნება” თავად იღებს.

როგორც დოლიძემ “აიპრესს” განუცხადა, სასამართლოს თემაში უზენაესში 4 ახალი მოსამართლის გამწესების საკითხი ევროკავშირისთვის წითელი ხაზია.

“როგორც ჩანს ეს უკვე წითელი ხაზია ევროკავშირისთვის. მისი მხრიდან ეს არის სწორი ნაბიჯი. საკითხობრივი წითელი ხაზია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ გააგრძელებს თანამშრომლობას სხვა სფეროში საქართველოსთან, მაგრამ ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ სასამართლოსთან მიმართებით, ევროკავშირმა უკვე თქვა თავისი ბოლო სიტყვა და ის აღნიშნულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. კარგია, რომ აქამდე მივიდა, იმიტომ, რომ მანამდე ცოტა უფრო რბილი და დიპლომატიური ენით ნათქვამი, ამ ხელისუფლებას არ ესმოდა”, – ამბობს ანა დოლიძე.

კითხვაზე, ახლა გაიგებს? – ანა დოლიძე ასე პასუხობს:

“არა, სამწუხაროდ მგონია, რომ იმდენად დიდად არის დავალებული კლანისგან, რომ პირიქითი ესენი იღებენ შეკვეთებს. იმიტომ, რომ ის გარიგება, რომელიც კლანთან დაიდო, ის დღესაც მუშაობს. ამ გარიგების შესახებ კლანმა ძალიან კარგად იცის და ამ გარიგების შესრულება ხდება ახლა. რადგან ვაკანსიებია, კლანმა ის უნდა დააკომპლექტოს.

შეიძლება პროცედურული ნაწილი შეიცვალოს, შესაძლოა ეს დანიშვნებიც შეჩერდეს, არ წავიდეს კენჭისყრაზე, მაგრამ რაიმე დიდ ცვლილებებს ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სფეროში არ ველი. კლანიც და “ოცნებაც” ერთად წავა. ეს არის გარდაუვალი”, – გვითხრა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს 4 ახალი მოსამართლის გამწესების საკითხზე მსჯელობენ. მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ კომიტეტზე დღესაც განიხილეს. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე ამ საკითხის შეჩერებას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვს ევროკავშირსაც, დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ისინი მიწვეულები იყვნენ პარლამენტში, თუმცა ამაზე უარი თქვეს, რადგანაც ეს არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და ამ შეთანხმებას არ შეესაბამება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...