ანა დოლიძე: “ოცნება” ანტიდასავლური ძალაა, მოსამართლეების დანიშვნა ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა განპირობებული

“ოცნება” ანტიდასავლური ძალაა, მოსამართლეების დანიშვნა ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა განპირობებული, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს ხვალ შევთავაზებთ:

“გეტყვით იმას, რატომ აკეთებენ ახლა ამას. იმიტომ, რომ შესაძლოა ძალაუფლება დაკარგონ, თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წელი იქნება დარჩენილი სავარაუდოდ, ამიტომ რა ვაკანსიებიც იყო დარჩენილი უზენაესში ყველაფერს ბოლომდე იმტკიცებენ. ანუ, ეს არის განპირობებული ძალაუფლების დაკარგვის შიშით.

მეორე თემაა, რაც გააკეთეს გენდერულ კვოტებზე. „ოცნების“ ხელწერაა ის, რომ ყველაფერზე დათანხმდებიან, ოღონდ დააშოშმინონ უკმაყოფილება. მოგვიანებით შეცვლიან. არავითარი სანდოობა ამ ჯგუფს არ უნდა დარჩეს. ასე გააკეთეს პროპორციულ არჩევნებზე, გენდერულ კვოტებზე და ახლაც ასე გააკეთეს – მოსამართლეებზე. ვითომ მოუსმინეს ვენეციის კომისიას, მაშინ რომ არ შეავსეს ეს ვაკანსიები, მაგრამ მომენტი რომ ჩაიგდეს ხელში ესეც შეასრულეს. ეს არის ანტიდასავლური პარტია. იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ევროკავშირს არ დავუახლოვდეთ”, – გვითხრა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დიდი დისკუსიაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით. 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პროცესის შეჩერებას ითხოვს. განცხადება გაავრცელა ამერიკის ელჩმაც, კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების არჩევა ახალი პარლამენტის პრეროგატივაა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...