ანა დოლიძე: 31 ოქტომბერს ჩვენ გვექნება 2 არჩევნები – არჩევნები საარჩევნო უბნებზე და პარალელური არჩევნები გადასატანი ყუთების მეშვეობით

„31 ოქტომბერს ჩვენ გვექნება 2 არჩევნები – არჩევნები საარჩევნო უბნებზე და პარალელური არჩევნები გადასატანი ყუთების მეშვეობით. ეს ფაქტი ხელისუფლებას არჩევნების მასობრივი გაყალბების შესაძლებლობას მისცემს,“ – განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ კოვიდპანდემიის ვითარებაში არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

„19 ოქტომბერს, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებულებისთვის, საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაშიაში მყოფი პირებისთვის სპეცუბნების შექმნასთან დაკავშირებით. ამ დადგენილების მეშვეობით, არ არსებობს შეზღუდვა გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლის რაოდენობაზე. ამასთან, ამომრჩეველი არ წარმოადგენს არანაირ ცნობას, რომ მკურნალობს ბინაზე ან არის თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაეწეროს სპეცუბნის სიაში და გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს ხმა,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნების გაყალბების კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ გადასატანი ყუთის სიაში არ ფიქსირდება ამომრჩევლის ფოტოსურათი.

„ამომრჩეველთან მისვლის დროს, დამკვირვებელს არ აქვს ფოტოსურათი, რომ შეადაროს მის პირადობას. ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნები საარჩევნო უბნის მიღმა მასობრივად გაყალბდება. ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ადამიანები ხმას მისცენ მათი ოჯახის წევრებისა და საქართველოში არ მყოფი პირების ნაცვლად. ასევე, ყალბი პირადობის მოწმობებით, ამის კონტროლის მექანიზმი კი არ იარსებებს“

სპეც უბნების მეშვეობით კიდევ უფრო რთულდება მაჟორიტარული ნაწილი – ამომრჩეველს ხმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუკი მისი რეგისტრაციის მისამართი და ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული. თუკი დიდუბე-ჩუთურეთში დარეგისტრირებული ამომრჩეველი იქნება გლდანის რაიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში, ის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას კარგავს.

დოლიძის განცხადებით, გამოსავალი ასეთია – გადასატანი ყუთის ასეთი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურ, თუ თითოეულ ყუთს და კომისიის წევრს ექნება მუდმივად ჩართული სამხრე კამერა. სხვა შემთხვევაში კონტროლი გადასატან ყუთში ჩაყრილ ათიათასობით ხმაზე, ფაქტობრივად, არ იარსებებს.

იმისათვის, რომ მოხდეს სპეცუბნების გაკონტროლება და მასიური გაყალბებისგან თავის დაცვა, ანა დოლიძის თქმით, უნდა მოხდეს ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ამისთვის დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე აწარმოებს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და მაჟორიტარობის კანდიდატებთან, რადგან ამ ცვლილებასთან შეგუება, ფაქტობრივად, არჩევნებზე დამარცხებასთან შეგუებას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად