ანა ბიბილაშვილი: რაც მეტ გზას დავამატებთ ქალაქს, მით მეტი იქნება ავტომობილების რაოდენობა

რაც მეტ გზას დავამატებთ ქალაქს, მით მეტი იქნება ავტომობილების რაოდენობა, – ამის შესახებ “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

მისი თქმით, ხიდების, გზების თუ ესტაკადების მშენებლობამ კარგი არაფერი მოიტანა და ეს მსოფლიოს გამოცდილებით ხელის გულზე დევს. ბიბილაშვილის აზრით, სატრანსპორტო პოლიტიკას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

“ვხედავთ არაჯანსაღ დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ხიდების, გზების თუ ესტაკადების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც ქალაქში არ აწესრიგებს სატრანსპორტო პოლიტიკას, პირიქით, რაც მეტ გზას დავამატებთ ქალაქს, მით მეტი იქნება ავტომობილების რაოდენობა ქალაქში. ეს გზა გაიარეს ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ათეული წლის წინ. ამერიკას თითქმის 60 წლიანი გამოცდილება აქვს ამის. ჩვენ რატომ ვუშვებთ შეცდომას, როდესაც მსოფლიოს გამოციდლება გვიდევს ხელის გულზე და რაც მათ ნახევარი საუკუნის წინ გაიარეს.

სატრანსპორტო პოლიტიკას სჭირდება კომპლექსური გადაწყვეტა. პირველ რიგში, ის კი არ უნდა გაკეთებულიყო, რომ მოჭრილად მარტო ერთი ქუჩა ყოფილიყო მულტი მოდალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭავჭავაძე ევროპის ტიპის მულტი მოდალური ქუჩაა, სადაც სივრცეებია კერძო ავტომობილისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის და ეკოლოგიური ველო ბილიკებიც. ეს ევროპული ტიპის ქუჩაა, მაგრამ ასე მოგლეჯილად არ კეთდება. ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ და თუ მთელ ქალაქში ფეხით გადაადგილების ჯანსაღი შესაძლებლობა არ გვაქვს, ერთი ქუჩა რას გამოიწვევს?! ქუჩის თავში ვინც ცხოვრობს და მეორე მიმართულებით მიდის, ამ გზას დაფარავს ფეხით? – ეს ვერ მოაწესრიგებს ვითარებას”, – თქვა ანა ბიბილაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...