ანა არგანაშვილმა დავა მოიგო -სასამართლომ შვილთან ერთად კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლის უფლება მისცა

უფლებადამცველმა ანა არგანაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასამართლოში დავა მოუგო.

“მოვიგეთ!
სასამართლომ ბავშვის ინტერესი უპირატესია და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ თუ, ბავშვის საჭიროებები არ შეგისწავლიათო.

ბავშვსაც ესაუბრა მოსამართლე ძალიან ყურადღებით. რომ დამთავრდა ბავშვმა თქვა: ისინი (მოპასუხის 3 წარმომადგენელი) მიტევდნენ და მოსამართლე მიცავდაო. 😍

ამიტომ, მჯერა სასამართლო კონტროლის.
That they may truly and impartially administer Justice!

ხვალ ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავალთ.

იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები ან, წააგებენ სასამართლოში პროცესებს.

მადლობა ბავშვის ადვოკატებს, ანას, ანას და სოფის.

მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის!

მადლობა მოსამართლე თამარ ოქროპირიძეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის!” – წერს ანა არგანაშვილი facebook-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც “აიპრესი” უცველად გთავაზობთ.

“2020 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა – კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად