“ამოცანაა, შევქმნათ დემოკრატიის ლიდერები და ჩემპიონები!”- თინა ხიდაშელმა NGO დააფუძნა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. როგორც ხიდაშელმა „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, მისი მიზანია, რომ ნაბიჯები გადადგას დემოკრატიის განვითარებისკენ და ახალი არასამთავრობო აქეთკენ იქნება ფოკუსირებული.

იგეგმება სხვადასხვა პროექტები, მათ შორის მართლმსაჯულებისა და მედიის თვალსაზრისითაც. ასევე იქნება საგანმანათლებლო პროექტები, გამორჩეულებს კი ევროპაში გაგზავნიან სასწავლებლად.

ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ თინა ხიდაშელი საუბრობს:

_ რა ტიპის ორგანიზაცია გექნებათ, რაზე იქნებით ორიენტირებული და რას გააკეთებთ?

_ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციაა, დავარქვით სამოქალაქო იდეის პლატფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირთადი ამოცანები სწორედ მის გარშემო იტრიალებს. ასევე ვიწყებთ დემოკრატიის აკადემიას – საგანმანათლებლო პროგრამას. ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანის აღმოჩენა, დახმარება, წახალისება, მხარდაჭერა იმისათვის, რომ შევქმნათ ერთგვარად ახალი თაობა, ახალი ქსელი, დემოკრატიის ლიდერები და ჩემპიონები. ასევე იყო მაშინ, როდესაც თავის დროზე როცა ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციას ვაფუძნებდით, ან სხვა ორგანიზაციები იქმნებოდა.

_ რა ტიპის მხარდაჭერაზეა საუბარი? ახსენეთ საგანმანათლებლო ამოცანა და მათ შორის ისიც იგულისხმება, რომ დონორების საშუალებით საზღვარგარეთ გაგზავნოთ სასწავლებლად?

_ რა თქმა უნდა. ორივე პარალელური ამოცანა გვექნება. გვექნება სპეციალური პროგრამები, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. მეორე მხრივ იქნება წახალისება. გვინდა, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები და უნარები ვასწავლოთ და შემდეგ უკვე საუკეთესოებს დავეხმარებით იდეების ორგანიზებასა და ამ პროექტების რეალიზებაში.

_ სასწავლებლად ევროპაში გაგზავნით, ამერიკაში თუ ორივეს განიხილავთ?

_ ამ წუთას პროექტი ევროპელებთან ერთად გვაქვს, პრაღაში გვექნება. შემდეგ ვნახოთ რა და როგორ განვითარდება.

_ მედიისა და სასამართლოს მიმართულებითაც ხომ არ გექნებათ პროექტები, რადგანაც ეს სფეროები დემოკრატიის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია?

_ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი პროექტის გაკეთებას ვგეგმავთ. მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებები გვექნება, უფრო სწორად ჩვენ ჟურნალისტურს არ ვეძახით, რადგან ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ, იურისტები ვართ. გვექნება კვლევები და გამოძიებები სხვადასხვა მიმართულების. მათ შორის სახელმწიფოს დაპყრობას რასაც ეძახიან – გვექნება ბიზნეს ინტერესების კორუფციულ ინტერესებში გადახლართვასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია ამ სისტემაში სამწუხაროდ სასამართლო უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ასრულებს და მთლიანობაში იქნება წარმოდგენილი.

მოკლედ ბევრი გეგმა და პროექტი გვაქვს, რომელსაც უკვე შემოდგომიდან ვიწყებთ და პერიოდულად საზოგადოებას მივაწვდით ხოლმე ინფორმაციას.

_ თავმჯდომარე თქვენ იქნებით?

_ უკვე თავმჯდომარე ვარ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...