ნიკა მელია: 7 ნოემბერს ვაპროტესტებდი, 2012 წელს ენმ-ს მივეცი ხმა, მაგრამ “ოცნება” სწორი გზით რომ წასულიყო, პარტიას დავტოვებდი 

“დღეს მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მაგრამ წლების წინ თავად არ ვიყავი “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი. პირიქით ვაპროტესტებდი მის ქმედებებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

კითხვაზე, ამ ფონზე რატომ გადაწყვიტა “ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლა ასე პასუხობს:

“2003-07 წლებში მე არ ვიყავი საქართველოში. საზღვარგარეთ ვსწავლობდი. 2003 წლის აგვისტოში წავედი. მაშინ შევარდანაძის მმართველობა იყო და პრაკტიკულად პოსტსაბჭოთა კი არა საბჭოთა მმართველობა იყო. ყველანი რეგრესის მორევში ვიყავით. რომ ჩამოვედი მოდერნიზებული სახელმწიფო და ეს ხელშესახები იყო, მაგრამ იმ პერიოდს დაემთხვა 7 ნოემბრის მოვლენები. ვერ მივესალმებოდი იმ ძალადობას, რაც ხდებოდა, სამართლიანი იქნებოდა ის თუ უსამართლო. ვერ მივესალმებოდი მაშინ, ვერ მივესალმები ახლა და ვერც მომავალში ვერ მივესალმები. ამიტომ, ახალგაზრდობის ჟინით გამოვედით გასაპროტესტებლად, მაშინდელ ოპოზიციასთან ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე გამოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად. ასეთი იყო იპოდრომის აქცია, მაშინ როდესაც სააკაშვილის ინაუგურაცია იყო რუსთაველზე. ეს შეკრება იყო იმისათვის, რომ წამოვსულიყავით რუსთაველზე და ინაუგურაცია არ ჩატარებულიყო.

მერე უბრალოდ მოვხვდი საჯარო სამსახურში. მანამდე ერთ სამსახურში ვიყავი და ჩემი ოპოზიციური შეხედულებების გამო გამათავისუფლეს. სიმართლე უნდა ითქვას, დესტრუქციულიც ვიყავი. შემქონდა ნეგატივი კოლექტივში. ხელმძღვანელი იძულებული იყო, რომ მე იქ აღარ ვყოფილიყავი. შემდეგ თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი იყო ჩემი მეგობარი და მან შემომთავაზა, რომ უწყებაში რეფორმები უნდა გატარდეს და ხომ არ დამიდგებოდი გვერდშიო. მე ვუთხარი, რომ აქცია არ გამომიტოვებია, სადაც მონაწილეობა არ მიმიღია და მგონი უხერხულობაში ჩაგაგდებ-მეთქი. მაგრამ დავიწყე მუშაობა და არ მქონია განცდა, რომ პარტიას ვემსახურებოდი. შიგნიდან ვხედავდი, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე გუნდი იყო. არ დავასახელებ, ვისი მხარდამჭერი ვიყავი შიგნით, მაგრამ 2012 წელს უკვე “ნაცმოძრაობას” მივეცი ხმა. იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში იყო გარკვეული მზაობა თვითგანახლებისა. მაგრამ რომ დამენახა, რომ “ქართული ოცნება” არ დაადგებოდა იმ გზას, რასაც 2013 წლიდან დაადგა და დაპირებების ნახევარი რომ შეესრულებინა არც მე ვიქნებოდა “ნაციონალურ მოძრაბაში” და ბევრიც არ დარჩებოდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად