ამირან გამყრელიძე: ​სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ ჯერ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს არ ესაუბრებიან

“​სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჯერ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში. ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციის პროცესში, თითქმის 97-98 პროცენტი, ქვეყანაში მთლიანად ჩატარებული ვაქცინაციისა, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ ყველა ვაქცინა, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რაც შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით ორი-სამი ვაქცინის შემოტანაში. ძირითადად, ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს მაგალითად, სახელმწიფომ იყიდა 235 ათასი გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა ალბათ 40-დან 50 ათასამდე. წელს გვქონდა გრიპზე ყველაზე მაღალი მოცვის მაჩვენებელი. კერძო სექტორი მონაწილეობს გრიპის და თუ არ ვცდები კიდევ ერთი თუ ორი ვაქცინის შემოტანაში, მაგრამ ძალიან მინიმალური რაოდენობით. რაც შეეხება კოვიდს, პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ აქვთ საშუალება, კი, მაგრამ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თვითონ მწარმოებლები და დღეს დიდი მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება დაახლოებით მაისის-ივნისის შემდეგ, კერძო გააქტივება. ხელს არავინ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...