ამირან გამყრელიძე: „ფაიზერის“ 2 500-მდე დოზა გადადებულია ევროპის უნივერსიტეტებში წამსვლელი სტუდენტებისთვის და ორგანოგადანერგილთათვის

„იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დოზების დარჩენილი ნაწილი გამოყენებულია ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად, ასევე იმ პირების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სხვადასხვა მძიმე დაავადების გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში სამინისტროში განცხადებები ჰქონდათ შეტანილი, ასევე ორგანოგადანერგილებზე, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 000 ჯავშანი შევსებულია.

“დღეიდან 7 დაწესებულებაში დაიწყო ვაქცინაცია. ჩვენ მომავალ კვირაშიც ველოდებით დამატებითი დოზების შემოსვლას. „ფაიზერი“ არის ექვსდოზიან ამპულებში და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური. დაახლოებით 11 646  ჯავშანი არის გაკეთებული, დანარჩენი 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს. „ფაიზერით“ უკვე აცრილია 340-მდე ქართველი სტუდენტი და კიდევ იცრება.

განცხადება აქვს 200-მდე ქართველ სტუდენტს, ვინც მიემგზავრება დასავლეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. იცით, იქ წესია, რომ კამპუსზე უნდა იყოს ორჯერადად აცრილი ადამიანი და ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სწორედ „ფაიზერს“. ამიტომ იქნა იმუნიზაციის საბჭოს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ დაახლოებით 1 000-ზე ცოტა მეტი განცხადებაა და ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ექიმის რეკომენდაცია გაცემული. ასევე, გარკვეული ჯგუფია ორგანო გადანერგილებისა, ვისაც ჩვენ ვცრიდით „ფაიზერზე“ და დარჩენილი არიან ვისაც სურს, აიცრან. დარჩენილი დოზები მეორე პარტიას შეუერთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...