ამირან გამყრელიძე: პანდემიის დამარცხების გზა გადის გონივრულ შეზღუდვებზე, მასობრივ ვაქცინაციაზე, ვირუსის ბუნებრივად შესუსტებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი , თუ მოსახლეობის რა ნაწილია თანახმა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, მერყევია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა და ამასთან ერთად, მოსახლეობა ვაქცინაციის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

ამირან გამყრელიძემ დაასახელა ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რითაც პანდემიის დამარცხება შესაძლებელია.

„ყოველთვის მერყეობს ციფრები და ეს მხოლოდ კოვიდვაქცინაზე არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა მსოფლიოში და ჩვენთანაც არის ძალიან ძლიერი მოძრაობა. ჩემი აზრით, ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი მაინც მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ უნდა მოგვეხმაროთ, რადგან პანდემიის დამარცხების გზა სამ, ან ოთხ მიმართულებაზე გადის: სწორი და დროულად დაწესებული გონივრული შეზღუდვები (ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის), მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია და მესამე, ეგრეთ წოდებული პირდაპირი მოქმედების ანტიოვირუსული წამლების ხმარება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ წელში უკვე იქნება.

ასევე კიდევ ერთი გზა, რომელიც ალბათ განსახილველია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირუსი დაამთავრებს ეგრეთ წოდებულ, თავის ბიოლოგიურ ციკლს, ის გარკვეულწილად შესუსტდება და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში ან შედარებით სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპის ვირუსი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად