ამირან გამყრელიძე: მქონდა თუ არა არჩევნების გადადების რეკომენდაცია, მაგაზე გვიან ვილაპარაკოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე უპასუხოდ ტოვებს კითხვას, ჰქონდა თუ არა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია. როგორც მან “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა, რა რეკომენდაციებსაც საკოორდინაციო საბჭოზე იძლევა, გარეთ არ უნდა გამოდიოდეს.

“მობილობის ზრდა ასეთი ტიპის პანდემიების დროს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი ეს იყო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული”, – თქვა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა არჩევნების გადადების თაობაზე რეკომენდაციები? – ამირან გამყრელიძე ასე პასუხობს:

“მოდით, იმ რეკომენდაციებზე რა მქონდა, განსაკუთრებით ამ პროცესთან დაკავშირებით ძალიან გვიან ვილაპარაკოთ. რეკომენდაციებს ხშირად ვიძლევი ხოლმე საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც გარეთ არ უნდა გამოდიოდეს. გარეთ გამოდის კონსენსუსის წესით მიღებული გადაწყვეტილებები.

ჩვენ – დაავადებათა კონტროლის ცენტრს მხოლოდ ერთი რეკომენდაცია გვქონდა. ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ ამ ტიპის შემზღუდველ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ ხალხს ჭამა უნდა, ცხოვრება უნდა, შემოსავალი უნდა, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღების დროს ყველა ფაქტორს ითვალისწინებ. შენ რომ იტყვი – ჩავკეტოთ, ასე არაა. სამყარომაც შეიცვალა პოლიტიკა. თუ გაზაფხულზე მკაცრი ჩაკეტვა იყო, დღეს შეცვლილია. გერმანიამაც ჩაკეტა, განსაკუთრებით კი საფრანგეთმა, სადაც სახლიდან გამოსვლა აკრძალული იყო, მაგრამ მერე შეამცირეს. ექიმებს შეიძლება ჰქონდეს რადიკალური რეკომენდაცია, მაგრამ შემდეგ ოქროს შუალედი იძებნება. წარსულია ვის რა რეკომენდაცია ჰქონდა. ახლა ეს არ არის სალაპარაკო”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად