ამირან გამყრელიძე: მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექცია.

გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა სიტუაცია არ არის მარტივი.

„როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის დაფიქსირებული.

„ჯერჯერობით, არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჩვენი მონაცემებითაც და სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებითაც, ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...