ამირან გამყრელიძე: მასმედიამ უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ჩვენ ვებრძვით ყველაზე დიდ გამოწვევას ბოლო 100 წელიწადში

ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

„საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, 60 პროცენტი. მოზრდილ მოსახლეობაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, რომ 18 წლამდე „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის გამოცდილება ჯერჯერობით არ არის. ახლა დაიწყო კლინიკური კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრასთან მიმართებით. ჯერჯერობით საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე.

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობა არის დაახლოებით 2,8 მილიონზე ოდნავ მეტი და მისი 60 პროცენტი სადღაც მილიონ ექვსას ორმოცდაათი-მილიონ ექვსას ოთხმოცი ათასამდე მერყეობს და ისინი უნდა აიცრან წლის ბოლომდე ორჯერადად, რაც ნიშნავს, რომ ამ ვაქცინის დაახლოებით 15-პროცენტიანი დანაკარგით უნდა იანგარიშო ყოველთვის, რადგან ზუსტად არ იხარჯება, ცოტა მეტია ხოლმე დანაკარგი, სადღაც 3 900 000 დოზა გვჭირდება რომ აიცრას. ეს ამბიციური გეგმაა. ჩვეულებრივი იმუნიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, რუტინული იმუნიზაცია, ბავშვები როცა იცრებიან, სადღაც წლის განმავლობაში გვაქვს მილიონამდე აცრა-ვიზიტი ხოლმე და ამ შემთხვევაში ე.ი. სიმძლავრეები არის გასაზრდელი დაახლოებით სამნახევარჯერ ცოტა მეტი, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ პანდემია, ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს ამ გეგმაში, სწორედ როგორ უნდა დაახლოებით გაოთხმაგდეს ​ჩვენი სიმძლავრეები, ანუ ამცრელი წერტილები, ამცრელი ბრიგადები, გამსვლელი ბრიგადები, თანდათანობით როგორ უნდა მოხდეს სისტემის გაძლიერება. იმუნიზაციის სისტემა საკმაოდ გამართულია ქვეყანაში, მოგეხსნებათ და ეს გეგმა უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ.

ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დამყოლობას, ანუ თქვენი ფუნქცია, მასმედიის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ აუხსნათ მოსახლეობას, რომ ჩვენ ვებრძვით ყველაზე დიდ გამოწვევას ბოლო 100 წელიწადში, მსოფლიოში ასეთი პანდემია არ ყოფილა „ისპანკას“ შემდეგ, რომელმაც ამდენი ადამიანი დააინფიცირა, სამწუხაროდ ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს პანდემია ვერ მორჩება, არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად