ამირან გამყრელიძე: კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში ვგეგმავთ 4000-მდე ადამიანის ტესტირებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ამირან  გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მესტიის საავადმყოფოში დღეს ე.წ. სწრაფი „პისიარის“ აპარატი დამონტაჟდა, რომელსაც ყოველ 45 წუთში ოთხი ნიმუშის ტესტირება შეუძლია.

მისი თქმით, დღეს დასრულდა უკვე 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითი პასუხია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება.

„ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. სანამ დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, ამით შეგვიძლია, ჯერჯერობით ვთქვათ, რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება. შესვლა-გამოსვლა იქ სრულად აკრძალულია. მიმდინარეობს მთლიანად ამ თემში აქტიური თერმოსკრინინგი, ისევე როგორც ხვალიდან მთელი მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იქნება აქტიური თერმოსკრინინგი ყველა სოფელში. ჩვენ ვგეგმავთ კვირის ბოლომდე 4000-მდე ადამიანის ტესტირებას. ახლა უკვე აღებულია დაახლოებით 2200-2300 ნიმუშამდე მთლიანად და ვფიქრობთ, რომ 4000-მდე ავიდეთ, რომელიც შეგვიქმნის შთაბეჭდილებას სრულად თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში და ამის შემდეგ იქნება მერე გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო. დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არსებობს ჩემში. საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება, რომ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება მუნიციპალიტეტში აგვერიდებინა თავიდან. ჯერ ნუ გავუსწრებთ დროს, დავუცადოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად