ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გადატანის შემდეგ მუდმივი მწვანე სტატუსი შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „კორონავირუსის გადატანის შემდეგ მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით იქნება, როგორია თქვენი პირადი პოზიცია, როდესაც არის 6-7 თვეში რეინფიცირების შემთხვევები, ხომ არ შეიძლება, ეს გადაწყცეტილება შეიცვალოს“.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ მწვანე პასპორტი მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი.

„თქვენ მეკითხებით გადატანის შემთხვევაზე, ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ინტერსექტორალური ორგანოა, სადაც 25-მდე ადამიანი – სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელია.

„როგორც წესი, საკითხი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ან თქვენი მონა-მორჩილი თუ რამეს იტყვის, ეს აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ეს განიხილება და მერე უმრავლესობის აზრი არის“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება.

კომენტარები
იტვირთება...