ამირან გამყრელიძე: კიდევ ერთი წელი აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღასაც არ გამორიცხავს.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი კიდევ ერთი წელი აუცილებელია, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და მსოფლიოში პანდემია უკან არ დაიხევს.

„მესამე ტალღაც, რა თქმა უნდა, დასაშვებია. ახლა ჩვენ დაღმავალ ტალღაზე ვართ და ეს კარგია, რომ ამ დაღმავალ ტალღაზე სტაბილიზაციის სერიოზული ტენდენციაა, მაგრამ, თუ ჩვენ ისევ მოვეშვით, როგორც ივლის-აგვისტოში მოვეშვით, როცა გვეგონა, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, დავიწყეთ ისევ 400 და 500-კაციანი ქორწილები და ნადიმები, დავიწყეთ ისევ დიდი შეკრებები, არ ვატარეთ პირბადე, არ დავიცავით დისტანცია და ა.შ., რა თქმა უნდა, რისკი არსებობს. მით უმეტეს, ახლა მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა და შემსუბუქდა. კარგია ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, მოსახლეობისთვის, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების შესრულებასა და აღსრულებაზე კონტროლი გვქონდეს, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი, ვიდრე მთლიანად მსოფლიოში უკან არ დაიხევს პანდემია. მაგრამ მარტო კონტროლიც არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ამაღლდა. არა ბატონებო, ჩვენ კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენთან ერთად არის და კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება. ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...