ამირან გამყრელიძე: იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში ან სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ

„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა, ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რათა ადამიანებს როგორც ინფიცირებულს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, სახელმწიფომ იზრუნონ მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს”, – განაცხადა ამირნამ გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ქორწილებისა და დიდი თავყრილობების სიარულისკენ.

“რას ეძახით შეცდომას? თქვენ თანახმა ხართ, მხარს დაუჭერთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი “ლოკდაუნი”? მაგრამ თუ ჩვენ ყველა, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრებას დიდი თავყრილობით, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ასე შემდეგ, ამას თუ გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება ამდენი შემთხვევა. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში, სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 3666 შემთხვევა დადასტურდა – 17 პაციენტი გარდაიცვალა

კომენტარები
იტვირთება...