ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა დაანონსებულ ვადებში.

„დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი „ფაიზერის“ დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად, დღეს ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს. „ფაიზერს“ სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, კონტრაქტები გაფორმებულია.

ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია. ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლოჯისტიკაზე, რომელიც ქვეყანაში 350-მდე ადგილს მოიცავს. ხვალ და ზეგ იწყება ამ ხალხის კიდევ ერთხელ გადამზადება უკვე „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ძალიან გვინდა, რომ მაისი ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ გაფართოებული აცრების კამპანია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...