ამირან გამყრელიძე: არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართავს აბიტურიენტების ოჯახის წევრებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ.

ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.

„აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად