„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

კომპანიის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა პრესკონფერენცია დღეს დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გამართა, სადაც მათ ამის შესახებ განაცხადეს.

კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გასული წლის 17 დეკემბერს დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს, რის გამოც 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მათივე თქმით, თანამშრომელთა ხელფასი დაახლოებით 600 ლარი იყო და დავალიანება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კომპანიას საქართველოდან 5 500 ტონა ნავთობი აქვს გატანილი და მათ დავალიანების ანაზღაურების ფინანსური რესურსი გააჩნია.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, დავას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არბიტრაჟი იხილავს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.

ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებს, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მეორე მხრივ კი იცავს ამერიკული კომპანიების ინტერესებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა.

ნაცვლიშვილი ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ იმ კომპანიის დაცვა, რომელიც დასაქმებულებს ხელფასს თვეობით არ უხდის, ყველაფერს ჩრდილს აყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად